ხახალეიშვილი – დეკანოიძის განცხადებაზე: ღიმილის მომგვრელია, ფანტაზიის ნაყოფია

 

ღიმილის მომგვრელია, ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ყვებიან,  – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის დარიგების ფაქტი გამოვლინდა.

როგორც ხახალეიშვილი ამბობს, ქალაქში საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ყვებიან. ქალაქში ნორმალურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. მინდა, მათ მოვუწოდო და გავაფრთხილო, რომ მათი დესტრუქციული ძალებიდან გამომდინარე, ნუ შეეცდებიან დისონანსის, არეულობის შეტანას საარჩევნო უბნებზე. შესაბამისი ორგანოები კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებენ, რათა ნებისმიერი ძალადობის ფაქტი იყოს აღკვეთილი. უკვე ჰქონდათ მათ არაერთი მცდელობა, იყო მანქანებში შევარდნები, ადამიანების გამოკიდება და ასე შემდეგ. ამ ფაქტებს გავლენის მოხდება შეუძლია საარჩევნო კამპანიაზე“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

მან მოუწოდა ყველას, არ შეუშალონ ხელი საარჩევნო პროცესს. ასევე დაამატა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მეორე ტურში მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს.

„მინდა, მოვუწოდო ყველას, ჩვენ ქალაქში ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორც ამ ქალაქს შეშვენის და ადამიანებს ნუ შევუშლით ხელს მისი ნების გამოხატვაში. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოვიპოვებთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები