ნათია იოსელიანი: პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი, მან ხმა მისცა მხოლოდ ერთხელ

პიროვნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, კერძოდ ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

იოსელიანმა კომენტარი გააკეთა მედიასა და სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ერთი პიროვნება ორი პირადობის მოწმობით იღებდა არჩევნებში მონაწილეობას.

“აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებსა და მედიაში, სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს პიროვნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, კერძოდ ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე.
აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც.
ამ პირის ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთ უბანზე და ხმა მისცა მხოლოდ ერთ უბანზე.
ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ბუნებრივია აზრიანებს საარჩევნო პროცესს და ადმინისტრაციის მიმართ ნდობას კარგავს.

ასევე გვინდა განვმარტოთ კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება მანიპულაციის საკითხი. საუბარია ამომრჩეველთა ფოტოსურათებიან საჯარო სიებზე.
შეგახსენებთ, რომ ამ სიების გამოთხოვის უფლება საარჩევნო ადმინისტრაციიდან აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. შესაბამისად ეს სიები მათ კანონმდებლობის სრული დაცვით გადაეცემათ. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები