ხელოვნური არეულობა, ადამიანები გაურკვეველი ბარათებით, სიებისთვის ფოტოების გადაღება – ნინო ლაცაბიძე რუსთავში „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დარღვევებზე საუბრობს

რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო პროცესში განხორციელებულ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, დარღვევა რუსთავის არაერთ უბანზე დაფიქსირდა, თუმცა მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემს და ამომრჩევლების ხმას დაიცავს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის წარმომადგენლები უბნებზე აგრესიით და დესტრუქციით გამოირჩევიან დღესაც, როგორც გამოირჩეოდნენ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, როგორც პირველ ტურში, ასევე, მეორე ტურის განმავლობაში. მინდა რამდენიმე დარღვევის შესახებ გითხრათ:

უბნებთან მანქანებით და ფურცლებით სწორედ მათი მხრიდან შეიმჩნევა ადამიანები. აფრიალებენ გაურკვეველ ბარათებს და ადამიანები ისევ შეცდომაში შეჰყავთ, რომ, თითქოს, ეს „ქართული ოცნების“ მხირდან არის დარიგებული გარკვეული ვაუჩერები.

39-ე უბანზე მარკირებიანი ცდილობდა შესვლას. ამაზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ.

28-ე უბანზე აცხადებდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციიდან იყვნენ. რეალურად, იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. მოხდა შესაბამისი რეაგირება.

67-ე უბანზე მათი წარმომადგენელი ერთი და იგივე ორგანიზაციის ბეიჯით იყო წარმოდგენილი.

მე-17 უბანზე ხელოვნურად ცდილობდნენ არეულობა გამოეწვიათ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა გვაქვს, რომელსაც აუცილებლად მივაწვდით მოსახლეობას.

მე-3 უბანზე სამაგიდო სიებს უღებდნენ ფოტოებს და ამით ახდენდნენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას.

გიორგი კაპანაძე, მერაბიშვილი, შაშკინი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები დადიან უბან-უბან და ცდილობენ, დესტრუქცია შეიტანონ, ხელოვნურად შექმნან დაძაბული სიტუაცია და არ მისცენ რუსთაველებს საშუალება, გააკეთონ არჩევანი.

გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხირდან იგეგმება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანა რუსთავში, რის საშუალებასაც არ მივცემთ. ჩვენს გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე და დავიცავთ თითოეული მოქალაქის ხმას.“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები