საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
წულუკიანი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„გავაკეთე არჩევანი. ყველას მინდა, მოვუწოდო დღეს უპრეცედენტო მობილიზებისკენ, განსაკუთრებით ჩვენს ამომრჩეველს. დღეს თბილისში რა თქმა უნდა ხმას ვაძლევთ კახა კალაძეს. ასევე, ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იმართება, ხმას ვაძლევთ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს – არც თბილისში, არც ქუთაისში, არც ბათუმში, არც ზუგდიდში, არც ფოთში და არც არსად არ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“, ის არ უნდა დაბრუნდეს, რადგან ის ბნელი წარსული ყველას გვახსოვს და ასევე, ვხედავთ, რას აკეთებს „ქართული ოცნება“. მიუხედავად ბევრი სირთულისა, მიუხედავად რთული საკითხებისა, რომელიც რჩება გადასაჭრელი ამ ქვეყანაში. ეკონომიკური პრობლემები, მიმდინარე ოკუპაცია – ამ საკითხებს „ქართული ოცნება“, სირთულეების მიუხედავად ეჭიდება და აკეთებს ძალიან ბევრ საქმეს. ამიტომ, ერთ მხარეს არის საქმე, პროგრესი და პერსპექტივა, სტაბილურობა, სიმშვიდე და მეორე მხარეს არის არეულობისა და სისხლისღვრის გეგმები. ამიტომ, არჩევანი არის მარტივი და მინდა, ყველას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ვუთხრა, რომ დღეს არ არის სახლში დარჩენის დრო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.