ე.წ. უშიშროების კომიტეტი სოფელ ლოპანში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ზნაურის რაიონში, დასახლებულ პუნქტ ლოპანში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„დაკავებულები არიან 1987 წელს დაბადებული მელიქიშვილი ზაზა ჯონდოს ძე და 1984 წელს დაბადებული გოგნიძე ვალერიანი ჯამბულატის ძე, რომლებიც არიან ხაშურის რაიონის მცხოვრებლები. აღნიშნულმა პირებმა არა მხოლოდ დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი, არამედ მიზანმიმართულად სატვირთო ავტომანქანით შემოვიდნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც უკანონოდ აპირებდნენ შეშის შეგროვებას“, – აღნიშნულია დე ფაქტო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა წარმოადგენს „სისხლის სამართლის დანაშაულს“.