რადას დეპუტატი: სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე მოლაპარაკებები უწყვეტად მიმდინარეობს

“პირველ ყოვლისა, გვსურს, ვიხილოთ, რომ უკრაინის მოქალაქე ნორმალურ მდგომარეობასა და პირობებში იმყოფება”, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, იულია კლიმენკომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ, თუმცა, ეს არის საკითხი, რომლის განხილვაც დიპლომატებს შორის უნდა მოხდეს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცენ იმიტომ, რომ ის უკრაინის მოქალაქეა. ამის განხილვას აქ, რა თქმა უნდა, არ დავიწყებთ. ეს არის დიპლომატებს შორის განსახილველი საკითხი.
ჩვენ დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ მიხეილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კრიტიკულ მგომარეობაში არ არის, რადგან უკრაინაში სრულიად განსხვავებული ინფორმაცია გვაქვს, ძალიან შემაშფოთებელი იმის შესახებ, რომ მას სისხლის გადასხმა გაუკეთეს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია და ა.შ. ამიტომ ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატოთ და ასევე დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადაიყვანონ ის სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა კლიმენკომ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე, დეპუტატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ეს მოლაპარაკებები დიპლომატიურ დონეზე ყოველდღე მიმდინარეობს. ამ პროცესს დროს დასჭირდება, ერთ დღეში ვერ გადაწყდება. როგორც უკრაინის ელჩმა გვაცნობა, რომელსაც ჩვენ შევხვდით, მოლაპარაკებები უწყვეტად მიმდინარეობს“, – თქვა კლიმენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები