ხათუნა ზახაშვილი – ვაქცინაციაზე: დაველოდოთ ჯოგური იმუნიტეტის შექმნას ქვეყანაში და თუ დავემსგავსებით ჯოგს, შეიძლება, მაშინ გადავურჩეთ
“კორონავირუსი 15-20%-ში იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ადამიანები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, დაახლოებით, 5%-ში ინტენსიურ თერაპიას და, სამწუხაროდ, 1,5%-2%-ისთვის ეს დაავადება იქნება მომაკვდინებელი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, სანამ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინით ჩამოყალიბებული კოლექტიური იმუნიტეტი, ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმე იქნება.
“ეს დაავადება 15-20%-ში იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ადამიანები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. დაახლოებით, 5%-ში ან ცოტა მეტში საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას და, სამწუხაროდ, 1,5%-2%-ისთვის ეს დაავადება იქნება მომაკვდინებელი. ასე გააგრძელებს ეს დაავადება სვლას, ვიდრე ვაქცინით ჩამოყალიბებული კოლექტიური იმუნიტეტი არ იქნება ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უნდა დაველოდოთ ჯოგური იმუნიტეტის შექმნას ქვეყანაში და თუ დავემსგავსებით ჯოგს, შეიძლება, გადავურჩეთ მაშინ”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.