მაია ბითაძემ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ცოდნის გაზიარების ონლაინ სესიაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ცოდნის გაზიარების ონლაინ სესიაში მონაწილეობდა, რომელიც ორგანიზებული იყო ბრიტანეთის საელჩოსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ.
პარლამენტის ინფორმაციით, გლობალური შედეგების შეჯამებისთვის „პარიზის შეთანხმების” მხარეები 26-ე კონფერენციაზე (COP26) მიმდინარე წელს გლაზგოში შეიკრიბებიან, რათა კლმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და მასთან ადაპტაციის სხვადასხვა საკითხი განიხილონ.
„კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხი პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ მიზნით საქართველომ 2021 წლის აპრილში დაამტკიცა „განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის” (NDC) დოკუმენტი, კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა (CSAP), როგორც NDC-ის განხორციელების ინსტრუმენტი და აღნიშნულით განსაზღვრა მისი მთავარი და სექტორული სათბურის აირების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები, მიმართულებები და ღონისძიებები 2030 წლისთვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ მიზნების ეფექტიანი მიღწევისთვის, აუცილებელია ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა, სწორედ ამ მიზნით კომიტეტმა ბიზნეს სექტორის მონაწილეობით შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და ხელშეწყობით ბიზნესის წახალისების სხვადასხვა მექანიზმის შემუშავება, რომლებიც ამ დარგის მდგრად განვითარებას დაეხმარება”, – განაცხადა მაია ბითაძემ სესიაზე მისასალმებელ სიტყვაში.