თემურ ჩილინდრიშვილი: ავიაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად ონლაინლექციების კურსს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ონლაინ ფორმატის შეხვედრები სტუდენტებთან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების და სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება.
პირველი ონლაინ ლექცია უსაფრთხოების მართვის სისტემების გაცნობას შეეხებოდა. ონლაინლექცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის მენეჯერმა, თემურ ჩილინდრიშვილმა წაიკითხა.
მისი განმარტებით, სამოქალაქო ავიაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის როლი, უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
,,გვქონდა გაცნობითი ხასიათის ონლაინლექცია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები უსაფრთხოების მართვის სისტემებით, მისი მიზნებით, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტებით ინტერესდებიან. მათ ზუსტად ესმით, რომ ავიაცია ზოგადად უსაფრთხოების გამართულ სისტემაზე დგას. ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებას ამ მიმართულებით ჩვენს აეროპორტებში, გავდივართ აუდიტორულ შემოწმებებს როგორც ადგილობრივ, ისე, საერთაშორისო დონეზე, რათა უსაფრთხოების დონე ჩვენს აეროპორტებში მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილმა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში. ასევე, დაგეგმილია ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება.