“სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ”, – ასე მიმართა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “ქართული ოცნების” აქციიდან პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
წულუკიანმა მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში მისვლისკენ მოუწოდა.
“სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა – არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება, ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლები.
მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის ერთი პატარა მეგრელი გოგო… შაბათს მოვუწოდებ ყველა დედას, არჩევნებზე მივიდეთ. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ მიწასაც კი არ მიაბარა, ისე დატოვა და მეორე მხარეს ვართ ჩვენ”, – აღნიშნა წულუკიანმა.