კახა კუჭავა: შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ წინსვლას და რეფორმებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ “ქართული ოცნების” აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შემდეგი სამი წელი ქვეყანაში მხოლოდ წინსვლას და რეფორმებს უნდა დაეთმოს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა.
“შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ წინსვლას და რეფორმებს. მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ოკუპაცია, მე მინდა, მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს და დავპირდე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ერთიანობით. ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთადერთი, მსოფლიოში გამორჩეული ისტორიის, კულტურის, რწმენისა და ევროპული მომავლის მქონე ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს “ქართული ოცნება” უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა”, – განაცხადა კახა კუჭავამ.