იშვიათი ყვავილი ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთიდან, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ ყვავილობს
მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ყვავილი – ნილაკურინი, 12 წელიწადში ერთხელ ყვავილობს ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში, კერალას მხარეში. როდესაც ნილაკურინი ყვავილობს, ის მთებს იასამნისფერ ტონში ღებავს.
კერალა ცნობილია თავისი ტროპიკული მცენარეებით, იდილიური პლაჟებით და მდინარეებით, რომლებიც ტბორებს ქმნიან… აქ ზღვის დონიდან 1600 მ-ზე მდებარეობს ქალაქი მუნარი, რომელიც ცნობილია თავისი ჩაით, ყავით, სანელებლების პლანტაციით. ქალაქი, თავისი ხედებით და მისტიკური გორაკებით, ტურისტებისთვის მომხიბვლელია. აქვეა ნილაკურინის სამშობლოც.
ნილაკურინი (ან უბრალოდ კურინი) სტრობილანტთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც, დაახლოებით, 350 სახეობის მცენარეს აერთიანებს. ის მოიცავს სხვადასხვა სახეობის ჯიშს, რომელიც სხვადასხვა დროს ყვავილობს 4, 8, 10, 12 ან 16 წელი. მათი უმეტესობა საკმაოდ მცირე ზომის იზრდება.
ნილაკურინი „ლურჯ ყვავილს“ ნიშნავს. რთულია მისი ყვავილობა გამოგეპაროს. ის ხალიჩასავით ეფინება მთებს ჯერ ლურჯად, შემდეგ კი, იასამნისფრად იცვლება. ყვავილობის სეზონი, ჩვეულებრივ, აგვისტოში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.
„ნილაკურინის ნახვა ყვავილობისას განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან შენ ფიქრობ, რომ შესაძლოა მომდევნო ყვავილობა ვეღარც კი ნახო. 12 წელი? შესაძლოა ამ დროს სულ სხვაგან ვიყო სამსახურის, ქორწინების ან სხვა მიზეზით.. ან სულაც მკვდარი..” – ამბობს რ. მოანი, ბუნების ადგილობრივი აქტივისტი.
როი მეთიუსი, The Hindu-ს ყოფილი რედაქტორი თავის წიგნში ნილაკურინის შესახებ წერს:
“მუტუვანის ტომის ხალხს სწამთ, რომ ლურჯი მთების ყვავილი იყო სიყვარულისა და რომანტიკის სიმბოლო. მათი ღმერთი მურუგა დაქორწინდა ვალიზე, ადგილობრივი ტომის მონადირის ქალიშვილზე, რომელსაც ყელზე ნილაკურინის ყვავილების ყელსაბამი ეკეთა”.
მართალია, ნილაკურინის ყვავილი უიშვიათესია, მაგრამ უფრო იშვიათია მისი თაფლი. ამის მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ ადგილობრივ ტომებს აქვთ მისი შეგროვების უფლება. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ თაფლს სამკურნალო თვისებები აქვს, თუმცა, მისი იშვიათობის გამო, სამედიცინო კვლევები არ ჩატარებულა.