ბაიდენმა ტრამპი გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ წინამორბედ დონალდ ტრამპთან შედარებით ბევრად წარმატებულია როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში, ისე – ეკონომიკაში.

ამის შესახებ მან ვირგინიის შტატში დემოკრატიული პარტიის გუბერნატორობის კანდიდატის, ტერი მაკოლიფას მხარდამჭერ მიტინგზე თქვა. მის მეტოქეს რესპუბლიკური პარტიიდან, გლენ იანგკინს ბაიდენმა ტრამპის “ხელის ბიჭი” უწოდა, რომელსაც ამ კავშირის რცხვენია.

“ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ცუდ იდეებსა და ცუდ გამოცდილებას. დონალდ ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია 1930-იანი წლებიდან, ჰერბერტ ჰუვერის შემდეგ, რომლის პრეზიდენტობის 4 წლის განმავლობაში მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ვიდრე შეიქმნა. და ჩვენ, მუშაობის მხოლოდ 9 თვეში, შევქმენით უფრო მეტი სამუშაო ადგილი, ვიდრე – ნებისმიერმა პრეზიდენტმა ამერიკის ისტორიაში იმავე პერიოდში“, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ ტრამპის დროს, როდესაც შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები და დაიწყო ვაქცინაციის კამპანია, მხოლოდ 2 მილიონი ამერიკელი იყო აცრილი, ხოლო ბაიდენის დროს – 190 მილიონზე მეტი.

“ეს არის ის, რაც მე განსაკუთრებით მომწონს. ტრამპს უყვარს ტრაბახი, რომ ეკონომიკური მდგომარეობის საუკეთესო მაჩვენებელი საფონდო ბირჟაა. ასე არასდროს მიფიქრია. მაგრამ ახლა შეხედეთ საფონდო ბირჟას, არ მგონია, ის ოდესმე ყოფილიყო უფრო მაღალი”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მან წინამორბედს გაახსენა კაპიტოლიუმის შტურმი, “დონალდ ტრამპისთვის აჯანყება არ არის თავდასხმა კაპიტოლიუმზე. არა, ტრამპისთვის აჯანყება იყო 3 ნოემბრის არჩევნები”.

ქალაქ არლინგტონში გამართულ მიტინგზე ბაიდენმა თქვა, რომ, რესპუბლიკელის გამარჯვების შემთხვევაში, შტატს ელოდება “პროგრესული ლიტერატურის” აკრძალვა, აბორტზე ქალების უფლება კი შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

ვირგინიის შტატის გუბერნატორის არჩევნები 2 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები