ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილება – ყირიმის მუზეუმებიდან “სკვითური ოქრო” კიევს დაუბრუნდა

ამსტერდამის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, “სკვითური ოქრო” კიევს უნდა დაუბრუნდეს.

ნიდერლანდებში ყირიმის მუზეუმებიდან რამდენიმე ასეული ექსპონატი გამოფენაზე 2014 წლის თებერვალში იქნა გატანილი, თუმცა, უკვე რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ, იმავე წლის აგვისტოში ამსტერდამის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ ექსპონატებს არც ყირიმის მუზეუმებს და არც კიევს გადასცემდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამსტერდამის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის დეკემბერში დაადგინა ობიექტების კიევისთვის გადაცემა ჰოლანდიის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის შესაბამისად. ყირიმულმა მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სამი წლის შემდეგ სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება, რომ ნორმა ამ საქმეზე არ ვრცელდებოდა. თუმცა, დღეს ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ალარ პირსონის მუზეუმმა ოქრო უნდა გადასცეს უკრაინას “შესანახად, ნახევარკუნძულზე ვითარების დასტაბილურებამდე”.

რუსეთი ამსტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კიევი ყოველთვის იბრუნებს თავისას.

“უკრაინის დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება ამსტერდამის სასამართლოში! “სკვითური ოქრო” უკრაინას დაუბრუნდება. მადლობელი ვარ სასამართლოსი სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის. იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კულტურის სამინისტროების გუნდებს მადლობას ვუხდი. ჩვენ ყოველთვის ვაბრუნებთ ჩვენსას. ჯერ დავაბრუნებთ “სკვითურ ოქროს”, შემდეგ კი – ყირიმს”, – დაწერა ზელენსკიმ Twitter-ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები