„ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“ – პროექტის დასკვნითი ღონისძიება ნიქოზში

წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან და საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თარიღთან დაკავშირებით, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით შემუშავდა პროექტი – „ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომელიც საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე დასახლებებში განხორციელდა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, მისი მიზანი იყო საქართველოს 220-წლიანი ისტორიული წარსულის გადააზრების ხელშეწყობა, ისტორიაზე ლიტერატურის რეფლექსიის შესახებ ინფორმაციულობის და შემეცნებითი კომპონენტის გაძლიერება და სამოქალაქო/სახელმწიფოებრივი ცნობიერების ამაღლება. ასევე, დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა რეგიონების ჩართულობით.
პროექტის „ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო საზღვრისპირა ექვს სოფელში, ექვსი ღონისძიება გაიმართა – ტირძნისიდან დაიწყო და ტყვიავის, კარალეთის დევნილთა დასახლების, დიცისა და მერეთის შემდეგ, 24 ოქტომბერს ზემო ნიქოზში დასრულდა, სადაც ღონისძიებას საპისკოპოსო სასახლის დარბაზში ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა მეუფე ისაიამ უმასპინძლა.
თითოეულ ღონისძიებაზე მსახიობების მიერ წარმოდგენილი იყო 1801 წლის ანექსიის თემაზე პიესის „უკანაკნელი დედოფალი“ კოსტიუმირებული კითხვა და 25 თებერვლის თემაზე ლიტერატურული კომპოზიცია; ასევე, საჯარო ლექციათა სერია, შემეცნებითი თამაშ-კონკურსები და შეხვედრები თანამედროვე მწერლებთან, რომელშიც ექვსი ავტორი იყო ჩართული – პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი, პოეტი და მთარგმნელი მარიამ წიკლაური, პოეტი მზია ხეთაგური და პოეტი, დრამატურგი ნინია სადღობელაშვილი.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მნიშვნელოვანი შენაძენი იყო მათთვის როგორც ემოციური, ისე ინფორმაციული ფაქტორის გათვალისწინებით ღონისძიებების ფარგლებში საზღვრისპირა დასახლებების ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრა.
„ამ პროექტმა და მიღებულმა გამოცდილებამ თუ შთაბეჭდილებამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ინიციატივის განხორციელება არა მხოლოდ სიმბოლური, პრაგმატული თვალსაზრისითაც. აშკარაა, რომ საოკუპაციო საზღვრის მიმდებარედაც კი, ჯერ კიდევ არაა დაძლეული საბჭოთა ინერცია, საბჭოთა იდეოლოგიის გავლენები, ჯერ კიდევ ცოცხლობს მოსახლეობის ნაწილში გარკვეული სენტიმენტები საქართველოს 220-წლიანი ოკუპანტის, რუსეთის მიმართ და გორში დაბადებული „ბელადისადმი“. იმდენად რომ, საბჭოთა წარსულზე თუ საბჭოეთის ბელადების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებისას, იყო სიტყვიერი უკმაყოფილება და პროტესტის რამდენიმე შემთხვევა ადგილობრივების მხრიდან, რის გამოც ღონისძიებების წარმატებით განხორციელების უსაფრთხოებაში უშუალოდ ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი საპატრულო პოლიცია, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მათ. თუმცა, ამასთანავე, სასიხარულოდ უნდა ითქვას, დამსწრეთა უმეტესობა არნახული ინტერესითა და მიმღებლობით ხვდებოდა ჩვენს პერფორმანსს, საჯარო ლექციასა თუ ლიტერატურულ ნაწილს და დასასრულისას მადლიერებას სიტყვიერადაც გამოხატავდა“, – ამბობს „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეკა კოხრეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები