ირაკლი კობახიძე: რამდენი კაციც ჰყავდა „ნაცმოძრაობას“ თავის აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ

“რამდენი კაციც ჰყავდათ მათ თავიანთ აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე.

„ეს არის „მესიჯბოქსი“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა დაალაგეს – არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯამებელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ. კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ მათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ. თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ეს არის კონტრაქცია, თუ ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ის არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება, სურს თავისუფლება, მშვიდობა და სიმშვიდე ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები