„ქოლგა თბილისი ფოტო“ – გიგლო ყარალაშვილის სტერეო ფოტოგრაფია (1905-1913)

26 ოქტომბერს, 17.00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, იხსნება ეროვნულ არქივში დაცული მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში მოღვაწე ქართველი გენერალის, მომღერალის, ფოტოგრაფის, ართანელი თავადების ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, გიგლო ყარალაშვილის უნიკალური ფოტოგამოფენა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, გამოფენა პირველი საჯარო ჩვენება იქნება ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ.
გიგლო ყარალაშვილი, სამხედროსთან ერთად, კულტურის მოღვაწეც გახლდათ: მღეროდა, უკრავდა თარზე და იღებდა ფოტოებს. სწორედ მასზე წერს ტიციან ტაბიძე თავის ლექსში „კახეთში“: „შილდაში მღერის დედას ლევანა და ართანაში — ყარალაშვილი“.
გენერალს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვაჟა-ფშაველასთან, ალექსანდრე ყაზბეგთან, ილია ჭავჭავაძესთან და საზოგადოების სხვა გამოჩენილ წევრებთან. ვაჟა-ფშაველას მისთვის ლექსიც აქვს მიძღვნილი: „ჩემს ძველისძველ ძმობილ თ. გიგლო ყარალაშვილს“ (1914 წელი).
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1923-24 წლებში მისი ოჯახი რეპრესიების მსხვერპლი აღმოჩნდა, რამაც მისი ჯანმრთელობა შეარყია და მალევე გარდაიცვალა.
1963 წელს გიგლო ყარალაშვილის ოჯახმა საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა სამხედრო ჩინოსნისა და კულტურის მოამაგის ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივი და 60 პოზიტივი შედის. ფოტოკოლექცია, ძირითადად, მოიცავს 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს. გენერლის ობიექტივს აღუბეჭდავს, ასევე, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შეკრებები და სხვა. მისი ფოტოკოლექციის უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი გახლავთ სტერეო გამოსახულება, რაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მის მიერ გადაღებულ სრულიად შესანიშნავ კადრებს.
გამოფენა   20 ნოემბრამდე გასტანს.
მისამართი: საქართველოს ეროვნული არქივი,
ვაჟა-ფშაველას #1/ პეკინის ქ. 40.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები