„დე ფაქტო იერარქიასა და აფხაზ მრევლთან ჩვენს ეკლესიას ხისტი პოზიცია ჰქონდა, ახლა რაღაც ნიშანია, რომ შეიძლება, ეს შეიცვალოს“ – ლევან აბაშიძე

“ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესიის პოლიტიკა საკმაოდ ხისტი იყო როგორც აფხაზურ მხარესთან, რომელიც იქაურ, დე ფაქტო იერარქიას წარმოადგენს, ასევე, აფხაზ  მრევლთან. ახლა რაღაც ნიშანია, რომ შეიძლება, ეს შეიცვალოს”,  – ამის შესახებ თეოლოგი, ლევან აბაშიძე აცხადებს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აბაშიძე ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, ბესარიონ აპლიას მიმართვაზე საქართველოს საპატრიარქოს პასუხს გამოეხმაურა.

ბესარიონ აპლიამ საკუთარ მიმართვაში რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტა სთხოვა. საქართველოს საპატრიარქომ აპლია დიალოგისთვის თბილისში მოიწვია.

„მოგახსენებთ, რომ გავეცანით საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი თქვენს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებთ წერილის შინაარსსა და სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. როგორ იცით, მტერი ყოფს – ღმერთი კი აერთიანებს. ამიტომ, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება, ამ თემაზე შეგვხვდეთ თბილისში და პირისპირ განვიხილოთ პრობლემური საკითხები“, – ნათქვამია პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის წერილში.

როგორც ლევან აბაშიძე აცხადებს, მნიშვნელოვანი მომენტია, რომ დიალოგის სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა, რაც სიახლეს წარმოადგენს.

„როგორ მე ვიცი, ბესარიონ აპლია ერთადერთი მღვდელია აფხაზეთში, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ, ჩვენი თვალსაზრისით, კანონიკური მღვდელია, რადგან მისი კურთხევა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მოხდა. მნიშვნელობა აქვს მის თვალსაზრისს. რასაკვირველია, ის საეკლესიო გაგებითაც სეპარატისტია. მას სურს, რომ აფხაზეთის ეკლესია დამოუკიდებელი იყოს, პირველ ყოვლისა, საქართველოს ეკლესიისგან. აპლია უფრო პრორუსულია, ის აფხაზეთის ეკლესიას ხედავს რუსეთთან სიახლოვეში, ან რუსეთის ეკლესიის ნაწილად, ან ავტონომიურად, რომელიც რუსეთის ეკლესიასთან იქნება დაახლოებული.
აფხაზებს გადაუწყვეტელი სტატუსი აქვთ. მათი თვალსაზრისით, ისევე, როგორც პოლიტიკური სტატუსი აქვთ გაურკვეველი, საეკლესიო სტატუსი კიდევ უფრო გაურკვეველია იმიტომ, რომ არცერთი მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. თუმცა, ის დე ფაქტო დამუკიდებელია იმ გაგებით, რომ საქართველოს ეკლესიას ვერანაირი გავლენა ვერ აქვს, მღვდელებს ვერ აგზავნის.

აფხაზეთში ასევე არის მეორე დაჯგუფება, „წმინდა მიტროპოლია“ , რომელიც უფრო მსოფლიო პატრიარქისკენაა გადახრილი. აფხაზეთის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობა მათაც უნდათ, მაგრამ დამოუკიდებლობის მიღება მსოფლიო საპატრიარქოსგან სურთ. ამ საკითხზე იქ შიდა კონფლიქტია.
რაც შეეხება აპლიას წერილის შინაარსს: ის ამბობს, რომ აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლობა ეკუთვნის, პირველ ყოვლისა, საქართველოს ეკლესიისგან. მისი განცხადებით, არაკანონიერი იყო, როცა აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიას მიაკუთვნეს და ახსენებს ტომოსს, რომელიც საქართველოს ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქომ მისცა. ამბობს, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლის სტატუსი მიენიჭოს. მას ისტრიული არგუმენტები მოჰყავს: ისტორიულად აფხაზეთის ეკლესია არ შედიოდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშიო, მცხეთას არ ექვემდებარებოდაო.
სიახლე რაში მდგომარეობს: საქართველოს ეკლესიამ მას პასუხი გასცა, მართალია – ამ პასუხში ნათქვამია, რომ სრულიად მიუღებელია ის, რასაც აპლია აფხაზეთის ეკლესიის თაობაზე წერს, მაგრამ, ამის მიუხედავად, დიალოგისთვის მზადყოფნაა. წერია, ჩვენ არ ვიზიარებთ წერილის შინაარსსა და სულსიკვეთებას, თუმცა, დიალოგის დაწყების აუცილებლობას ვაცნობიერებთო. ეს სიახლეა. აქამდე არანაირი დიალოგისთვის მზადყოფნა არ იყო. ახლა კი არის“, – განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზადყოფნის გამოთქმა პოზიტიურად შეიძლება, შეფასდეს.

„მთავარია, რომ ორივე მხარემ დიალოგის სურვილი გამოთქვა. ბესარიონ აპლიამ საქართველოს ეკლესიას მომართა, ადრე არ მომართავდა, დამოუკიდებლობას პირდაპირ რუსეთისგან ითხოვდა. მას საქართველოს ეკლესიამ უპასუხა. ეს არის სიახლე. მე რამდენადაც ვიცი, ადრე ასე არ იყო. ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესიის შეცდომაც ის არის, რომ  ძალიან ხისტი პოზიცია გვქონდა. აფხაზურ მხარესთან დიალოგზე არ მივდიოდით, აფხაზურ მრევლთან კონტაქტი საკმარისად არ გვქონდა, ვგულისმობ აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებლებს, არა მარტო ეთნიკურ აფხაზებს, არამედ ქართველებს, აფხაზებს, რუსებს, ბერძნებს. ჩვენი პოზიცია იყო ხისტი და ნაკლები იყო დიპლომატია. პოზიტივი, რომ მოდით, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, არ იყო. თუნდაც ის, რომ აფხაზ მრევლს გააგებინონ, რომ მათ მიტროპოლიტი ჰყავთ, ჩვენ ვზრუნავთ მათზე, ადრე მიტროპოლიტი იყო დანიელი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა ამჟამად პატრიარქმა შეითავსა.

როგორც უკვე აღვნიშნე, პოლიტიკა იყო საკმაოდ ხისტი როგორც აფხაზურ მხარესთან, რომელიც იქაურ, დე ფაქტო იერარქიას წარმოადგენს, ასევე, აფხაზ მრევლთან. ახლა რაღაც ნიშანია, რომ შეიძლება, ეს შეიცვალოს, რაც, ჩემი აზრით, პოზიტიურია“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ადგილის გადაწყვეტა საეკლესიო დილომატიის საკითხია.

„მოლაპარაკებაში ერთერთი პირობაა ის, თუ სად შედგება შეხვედრა. აპლიას თავისი პირობები აქვს, მოდით, მოსკოვში შევიკრიბოთო, საქართველოს საპატრიარქო ამბობს, თბილისში შევიკრობოთო. ეს ბუნებრივია. როცა პირველი ნაბიჯია გადადგმული, ყურადღება სიახლესა და პოზიტივზე უნდა გამახვილდეს. შეიძლება, ნეიტრალურ ტერიტორიაზეც შეხვდნენ. ეს საეკლესიო დილომატიის საკითხია“, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის თებერვალში აპლიამ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის საკითხის გადაწყვეტა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან მოითხოვა.

ბესარიონ აპლიას განცხადებების საპასუხოდ, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აპლიას შეახსენა, რომ ის მღვდლად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერაა ხელდასხმული და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება.

„2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ტელევიზია ,,ამშეიკუშარასათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა ბესარიონ აპლიამ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერაა ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, უხეშად დაამახინჯა აფხაზეთში საეკლესიო ისტორიის საკითხები და რუსეთის პატრიარქ უწმიდეს კირილეს მიერ გამოცემული კალენდრის ფონზე განაცხადა: – კავკასიაში რელიგიური საკითხების მოგვარება კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოების კი არა, რუსეთის საპატრიარქოს პრეროგატივააო.

სიცრუეზე დამყარებული განცხადების ავტორს უნდა შევახსენოთ:

ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებულ კანონიკურ საზღვრებში თვითონ აგვარებენ ყველა საეკლესიო პრობლემას
აფხაზეთი ისტორიულად საქართველოს ნაწილია როგორც პოლიტიკურად, ასევე, ეკლესიურად. VIII საუკუნიდან აფხაზთა საკათოლიკოსო, XI საუკუნიდან სრულიად საქართველოს საპატრიარქო, XV საუკუნიდან ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა საკათოლიკოსო ჯერ ცენტრით ბიჭვინტაში, ხოლო XVI საუკუნიდან გელათში. იქნებ აგვიხსნას მამა ბესარიონმა, რატომ აღასრულებდნენ ქართულად წირვა-ლოცვებს ლიხთ-იმერეთის და აფხაზთა კათოლიკოსები, იოაკიმედან დაწყებული დოსითეოზით დამთავრებული? იმიტომ, რომ ისინი ეროვნებით იყვნენ ქართველები და ქართველთა ნათესავი კავკასიელები: აბაშიძე, ჩხეტიძე, ლორთქიფანიძე, ქვარიანი, ერისთავი, ბაგრატიონი, წერეთელი და მოსახლეობა იყო ქართველი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, XIX საუკუნეში აფხაზეთის ეპარქიას ქართველი მღვდელმთავრები განაგებდნენ.

„1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შექმნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი ამბროსი. 1921-1993 წლებში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელები ყოველთვის იყვნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში.

თავდაპირველად, ეპარქია, 300 000 კაცთან ერთად, დევნილი აღმოჩნდა თავისი ისტორიული მიწა-წყლიდან 1993 წლის ცნობილი მოვლენების დროს და 2008 წელამდე დევნილი სასულიერო პირები მხოლოდ კოდორის ხეობაში მსახურობდნენ, ვიდრე ისინი საბოლოოდ არ იქნენ გამოდევნილნი აფხაზეთის ტერიტორიიდან. რაც შეეხება პატრიარქ ტიხონის მიერ აფხაზეთში უკანონოდ გაგზავნილ ეპისკოპოსს, პატრიარქი ტიხონი არ სცნობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა მისი პოზიციების შესუსტებას აფხაზეთში, მაგრამ პატრიარქ ტიხონს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია არასდროს განუხილავს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში XX საუკუნეში ყოველთვის ქართველი მღვდელმთავრები იყვნენ და ეპარქია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია, როგორც საქართველოს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, დაადასტურა 1943 წლის ოქტომბერში რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა, როდესაც სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თავის ისტორიულ საზღვრებში“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები