პოლონეთის პრემიერი: პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს

პოლონეთი არ დაემორჩილება ევროკავშირის შანტაჟს, თუმცა არსებული დავების მოგვარებას შეეცდება, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

„ზოგიერთი ევროპული ინსტიტუტი უფლებას იღებს, ისეთ საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ არ ვიმოქმედებთ შანტაჟის ზეწოლის ქვეშ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ არ ვეთანხმებით ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილების მუდმივ გაფართოებას, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული დავები დიალოგის გზით“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

19 ოქტომბერს, პოლონეთის პრემიერმა ევროკავშირი თავისი კომპეტენციის გადაჭარბებაში დაადანაშაულა.

„ევროკავშირის კომპეტენციას მკაფიო საზღვრები აქვს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩუმად, როდესაც ეს საზღვრები ირღვევა. ჩვენ ვამბობთ: კი ევროპულ უნივერსალიზმს, მაგრამ არა ევროპულ ცენტრალიზმს“, – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

18 ოქტომბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთგული წევრია, თუმცა ძალაუფლების ჭარბ ცენტრალიზაციას ეწინააღმდეგება.

7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები