დავით ზალკალიანი “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” (ICRC) ვიცეპრეზიდენტს, ჟილ კარბონიეს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ICRC-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და ქვეყანაში ICRC-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

„დავით ზალკალიანმა ICRC-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული საქმიანობისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა კონფლიქტის შედეგად დაზარებული მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების კუთხით გაწეული ძალისხმევა.

მინისტრმა “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ხაზი გაუსვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს, მათ შორის, თვითნებური დაკავებების, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებს.

ვიცეპრემიერმა ყურადღება გაამახვილა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობაზე. დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისიის მუშაობაზე „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე განიხილეს 1990-იან წლებში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეიარაღებული დაპირისპირებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის დაბრუნების საკითხი.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჟილ კარბონიეს ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გაწეული ძალისხმევისა და მედიაციისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებზე მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობაზე და აღნიშნა, რომ ICRC-ის ხელშეწყობით უკვე მოხერხდა 200-ზე მეტი ადამიანის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა.

ვიცეპრემიერმა ისაუბრა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მზაობას აღნიშნულ ჰუმანიტარულ თემაზე ძალისხმევისა და თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანის მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და კონსულტაციებს პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები