„აუცრელი ადამიანებისთვის გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები უნდა დაწესდეს“ – დევი ტაბიძე
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, აუცრელი ადამიანებისთვის გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული. ამის შესახებ ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებასა და ბევრ ხალხთან აქვთ კონტაქტი, აცრილები აუცილებლად უნდა იყვნენ.
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია და რიცხვები კიდე ერთხელ მეტყველებს იმ სირთულესა და სიმძიმეზე, რაც დღეისათვის არსებობს. რაც უნდა სირაქლემას პოზიცია დავიკავოთ და თავი ჩავრგოთ, რიცხვები მაინც თავისას ამბობს.
ინფიცირების შემთხვებების ასეთი მატება რეალურად, წინა წლის გარდა, ნამდვილად არ გვქონია. ამ პერიოდშიც ეს რიცხვები კიდევ ერთხელ არის იმის დასტურია, რომ, ალბათ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცრილები არ არიან, გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული. ეს ჩემი, ერთი ექსპერტის მოსაზრებაა. ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებასა და ბევრ ხალხთან კონტაქტი აქვთ, აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილები. ეს ეხება საჯარო სამსახურებს, სკოლებს, ბაღებს, რა თქმა უნდა, მედიცინის მუშაკებს. აუცრელი ადამიანები ხალხმრავალ ადგილებში არ უნდა მოხვდნენ, თუნდაც, ელემენტარულად, მარკეტში არ უნდა შეუშვა, ასევე, სპორტულ ღონისძიებებზე, თეატრებში, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია“, – განაცხადა ტაბიძემ.
მისივე თქმით, საექსპერტო გათვლებით, დღეში მინიმუმ 35 -40 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს. როგორც ტაბიძემ განაცხადა, სხვანაირად, არსებული სიტუაციიდან ვერ გამოვალთ.
„რაც შეეხება ვაქცინაციას: პროცესი, პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს იმ სქემით, რომელიც სახელმწიფომ შეიმუშვა. ყველაფერი ვაქცინაციის გეგმასთან აცდენაშია. ეს სასურველ შედეგს არ გამოიღებს. თუ აქამდე დღეში 20-25 ათასი ადამიანის აცრა იყო საჭირო იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 65-70 % ყოფილიყო აცრილი, ახლა, ჩვენი საექსპერტო გათვლებით, სადღაც მინიმუმ 35-40 000 ადამიანი უნდა იყოს აცრილი. მაღალი რიცხვია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თუ ეს ყველაფერი არ შესრულდება, ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ“, – განაცხადა ტაბიძემ.
მისივე თქმით, თუ ადამიანები არ აიცრებიან და რეკომენდაციებს არ დაიცავენ, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემია კიდევ რამდენიმე წელიწადიც კი შეიძლება, გაგრძელდეს.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასევე დაუწერელი კანონია, რომ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადეოებას შორის თანაბარი ჩართულობა უნდა არსებობდეს. მათი ურთიერთქმედება უნდა გადაიკვეთოს და შედეგს მაშინ მივიღებთ. მხოლოდ რომელიმემ გააკეთოს თავის საქმე – ეს შედეგს არ მოგვიტანს. ამ სოციალურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება არამარტო აცრები, აქაა რეკომენდაციების მკაფიო შესრულებაც. ბოლოსდაბოლოს, ვდგავართ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე: ჩვენთან კორონავირუსი შეიძლება, კიდევ რამდენიმე წელიწადიც კი გაგრძელდეს, თუ ასე მოვიქცევით. ჩვენ გვქონდა შანსი, მოცემულობა: დაიწია ყველანაირმა უარყოფითმა რიცხვებმა, მივედით დონემედე, რომ რაღაც წარმატებას მივაღწიეთ. ახლა ითვლება, რომ ერთერთ მაღალ ნიშნულზე ვდგავართ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ვაქცინაციის მიმართ დამოკიდებულება. ეს აბსოლუტურად ცალკე თემაა. გინდათ, ანტივაქსერი დაარქვით, გინდათ, რაც გინდა დაარქვით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას აბსოლუტურად იგნორირებას უკეთებენ, სიტუაციას ვერ აფასებენ იმ სიმძიმით, რაც არის. ვთხოვ ყველა კოლეგას, ასევე ჟურნალისტებს, მაქსიმალურად მესიჯი მივაწოდოთ ამ ადმიანებს, ავუხსნათ ავაქცინაციის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. ჩამონათვალში სულ რამდენიმე პუნქტია, როდესაც ვაქიცნაცია ნამდვილად არ შეიძლება გაკეთდეს, დანარჩენი, ალბათ, საზოგადოების მენტალიტეტის ბრალია. თხოვნა მაქვს თითოეულ მოქალაქესთან, იმუშაოს იმაზე, რომ მის გვერდით ადამიანი დაარწმუნოს, რომ ვაქცინაცია მისთვის აუცილებელია. დღეს ყველაზე მეტად ეს გვიჭირს”, – განაცხადა ტაბიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მორიგი პიკია. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
თამუნა შეყილაძე