იუსტიციის მინისტრი: მივიღეთ რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული – ჩვენი მიზანია, სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა უზრუნველყოფილი იყოს

დღეს მედიკოსების სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა, მოვისმინეთ მათი მიგნებების შესახებ და მივიღეთ ასევე გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში სრულად იქნება შესრულებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ექიმების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებზე ვერ ისაუბრებს, რადგან პატიმრის თანხმობის გარეშე აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიზანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა უზრუნველყოფილი იყოს.

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, რომ პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამომწურავი და სანდო ინფორმაცია და ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც ჩვენ კვალიფიციურ პერსონალთან თანამშრომლობით დამატებით შეისწავლის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში მოგვცემს შესაბამის რეკომენდაციებს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმებმა იუსტიციის სამინისტროში გამართეს შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები – მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები