მიხეილ სააკაშვილი – ციხეში მოშიმშილე ექსჩინოვნიკებს: მინდა, როგორც ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს იმ ყოფილ სამხედროებს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან და, სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად, შიმშილობენ.
სააკაშვილის მიმართვა და შესაბამისი წერილი ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო.
„მინდა, გაგაცნოთ ერთი წერილი. იცით, რომ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ასევე სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომა შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ წერილით მიმართა.
წერილში წერია: “გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.