რა გახდა კახეთში მომხდარი მკვლელობის მიზეზი – ცოლ-ქმარს ბიძაშვილმა სანადირო თოფიდან ესროლა
კახეთში, გურჯაანში მომხდარი მკვლელობის მიზეზი, გავრცელებული ცნობით, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა. ბიძაშვილებს შორის დავა მიწის ნაკვეთზე დაიწყო, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა.
როგორც ცნობილია, მამაკაცმა სანადირო თოფით 70 წელს გადაცილებულ ცოლ-ქმარს რამდენჯერმე ესროლა. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი კი კლინიკა “ჯეოჰოსპიტალში” შეყვანის დროს დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს – გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ა.ზ., ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, სოფელ გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინდორში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.