“რუსეთი სწორედ სააკაშვილის ხელით ეცდება, არეულობების ინიცირება მოახდინოს” – გიორგი ცუცქირიძე

“რუსეთი სწორედ სააკაშვილის ხელით ეცდება, არეულობების ინიცირება მოახდინოს”, – ამის
შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აცხადებს, დიდი ალბათობით, სააკაშვილი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.

“ვინ შემოიყვანა სააკაშვილი, ეს არის
დღეს მთავარი ამოცანა და ნაკლებად იმის განხილვა, პეტიციაზე ხელი ვინ და რატომ მოაწერა, შესაბამისად, პროცესები თუ რა სცენარით განვითარდება და რა პოლიტიკური კონფიგურაცია დაჯდება მეორე ტურის შემდეგ, იმის გასაღებიც ეს იქნება. ვერსია, თითქოს, სააკაშვილი “ქართულმა ოცნებამ” შემოიყვანა თუ შემოიტყუა, წინასაარჩევნოდ ელექტორალური მხარდაჭერის მუხტის ასაწევად, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ისევე როგორც პეტიციაა აბსურდი, თუ მას კონკრეტული მიმართვის ადრესატი არა ყავს!

ხომ საინტერესოა, თუ რატომ არ დააფიქსირა მან თუნდაც თვითმფრინავით ჩამოსვლით უკრაინის საზღვრის ოფიციალურად გადაკვეთა? ვფიქრობ, აქ არის სწორედ ძაღლის თავი დამარხული.

ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილს ერთ ერთ ვიდეომიმართვაში წამოცდა კიდეც, რომ მესამე ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა, ეს ამბავი რატომღაც ქართულმა მეინსტრიმულმა მედიამ უბრალოდ გაატარა.

რომელი ქვეყანა შეიძლება, ყოფილიყო, ამის ვარაუდიც შეიძლება. რეგიონში საქართველოს რომელ ქვეყნებთანაც აქვს საზღვარი, ეს არის თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.

ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი შანსი და ალბათობაც არის, ის რუსეთიდან შემოსულიყო. სააკაშვილი აქ გარანტიების გარეშე, რომ არ შემოვიდოდა, მით უმეტეს, ციხეში ჩაჯდებოდა, ამასაც არ უნდა დიდი ანალიტიკა. ბიძამისის ფაქტორი კი სწორედ გადამწყვეტიც შეიძლება ყოფილიყო.

ნაკლებად დასაშვებია მის არალეგიტიმურად შემოსვლაში, სხვა რომელიმე ქვეყანას მიეღო მონაწილეობა, რაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ავტომატურად დიპლომატიური ურთიერთობის სერიოზული გაფუჭების საწინდარი გახდებოდა.

ერთადერთი გზა, რომლითაც ის აქ შეიძლება შემოსულიყო რჩება, დონბასიდან, სადაც უკრაინის საზღვარი ფაქტიურად მორღვეულია, რუსეთის გავლით, ან აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან შემოსვლა. ყველაზე უფრო აქ სიტუაციის არევით ხომ ისედაც რუსეთია დაინტერესებული.

ლავროვის ამასწინდელი განცხადებაც 3+3 ახალ გეოპოლიტიკურ ფორმატში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე, საიდანაც საქართველოც მიიღებს სარგებელს განსაკუთრებით სატრანზიტო არტერიების განმუხტვით, შემთხვევით არ დაანონსებულა ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

ამავდროულად, არანაკლებ საინტერესოა აფხაზების მიმართვა რუსეთის ფედერაციისადმი, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო ხაზის გახსნაზე თან ისე, რომ საქართველო საერთოდ არ უხსენებიათ და ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთ-საქართველოს საზღვრების დელიმიტაზაციაზე, ანუ რაც ადრეც დავწერე, იმავეს გავიმეორებ, რუსეთი სწორედ სააკაშვილის ხელით ეცდება, მოახდინოს არეულობების ინიცირება, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისათვის და თუ გაუვა, ხელისუფლების ცვლილებაზეც წავა, ვითომ პროდასავლური ოპოზიციის მოსაყვანად.

30 ოქტომბერს ბევრი რამე გაირკვევა და იმედია, ქართველი ხალხი, გააკეთებს რა სწორ არჩევანს, ამ მორიგ რუსულ ხაფანგში არ გაებმება”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები