ნიკოლოზ სამხარაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ტალინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევა მარია ლიიმეტსს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე და ფორმატის მომავალზე ისაუბრეს. როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრისას აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს, მათი ევროკავშირში წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით ძლიერი სიგნალი უნდა გაუგზავნოს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესტონეთი მხარს უჭერს ასოცირებული ტრიოს მიერ ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის მიღებას. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ევა მარია ლიიმეტსი დაინტერესდა სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ” მიმდინარეობის შესახებ.
მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა უკვე განხორციელებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე. მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ.
„ევა მარია ლიიმეტსმა აღნიშნა, რომ ესტონეთი როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდამჭერია უშიშროების საბჭოში”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.