„მე მიყვარს, რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მიყვარს“ – ვინ არის კულტურის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ერთადერთი არასრულწლოვანი წევრი

დაიბადა ჭიათურაში. 12 წლის ასაკიდან დაინტერესებულია სამოქალაქო აქტივიზმით. აქტიური ახალგაზრდა  ბევრ ახალგაზრდულ-შემეცნებით პროექტს ახორციელებს.
სწავლობდა ბაქსვუდის საზაფხულო სკოლა  (BOSS) 2016 -ში, ამბობს, რომ სწორედ ბაქსვუდის საზაფხულო სკოლამ განაპირობა მისი უპირობო სიყვარული ახალგაზრდული ბანაკების მიმართ.
ხელმძღვა ნელობს „
დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას“;
„ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად ერთობლივი თანამშრომლობით,  მრავალი პროექტი განახორციელა, ჭიათურაში ახალგაზრდულ-შემეცნებითი ბანაკის – „გაიცანი ჭიათურა“ თაოსანი
სულ ახლახან ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე, კულტურის სამინისტროსთან არსებულ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში აირჩიეს და ერთადერთი არასრულწლოვანი წევრია.
ამბობს, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მით უფრო მაშინ, როცა წარმოადგენს საქართველოს თითოეული მოსწავლის ხმას, ახმაურებს მათ პრობლემებსა და საჭიროებებს საბჭოს სხდომებზე.
აქვს თავისი წარმატების საიდუმლო, რომელიც, როგორც ამბობს, შედეგიან შრომაშია.  შედეგიანი შრომა კი, როგორც ამბობს, მისთვის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს კომპონენტებია – სიჯიუტე, თვითკრიტიკულობა და მუდმივი განვითარებისაკენ სწრაფვა. – მარიამ დოღაძის პერსონა.

– დავიბადე პატარა, თბილ და მყუდრო ქალაქში. ქალაქში, რომლის თითოეული მაცხოვრებელი (განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლები) იცნობდნენ და უდიდეს პატივს სცემდნენ ჩემს ბაბუას. ქალაქში, სადაც არ მქონდა უფლება, ,,სხვანაირი“ ვყოფილიყავი. ჭიათურა არის ქალაქი, რომელშიც ჯერ ზურაბ დოღაძის შვილიშვილად, შემდგომ ალექსანდრესა და ინგას შვილად, ახლა უკვე კი – მარიამ დოღაძედ მიცნობენ.
– 12 წლიდან გამოირჩევით აქტიურობით, სხვადასხვა შემეცნებით-ახალგაზრდული ღონისძიების თაოსნად… გვიამბეთ პირველ ნაბიჯებზე…
– საკმაოდ ღრმა ბავშვობიდანვე დაინტერესებული ვიყავი სამოქალაქო აქტივიზმით – მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, რას ნიშნავდა სიტყვათა ეს შეთანხმება. ვმონაწილეობდი სკოლის მიერ განხორციელებულ თითოეულ პროექტსა თუ აქტივობაში. სწორედ სკოლაში შევძელი ჩემი ორგანიზატორული უნარ-ჩვევების გამოვლენა, ღონისძიებების ორგანიზება და საკუთარი თავის გარკვეული დოზით რეალიზება.
– ბაქსვუდის საზაფხულო სკოლა  (BOSS) 2016  დაამთავრეთ. რა შეგძინათ იმ პერიოდმა?
გამომდინარე იქიდან, რომ მიზიდავდა და მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა, ჩემი დაჟინებული სურვილი იყო, ჯერ კიდევ მეხუთე კლასის მოსწავლეს, დამოუკიდებლად, სრულად უცხო გარემოში ჩემი ქალაქისა და მეგობრებისგან შორს, საკუთარი თავი გამომეცადა ბაქსვუდის საზაფხულო  სკოლაში.
დღეს, 7 წლის შემდეგ კი ვთვლი, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩნდი და სწორედ ბაქსვუდის საზაფხულო სკოლამ განაპირობა ჩემი უპირობო სიყვარული ახალგაზრდული ბანაკების მიმართ.
– ICSU – დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასხელმძღვანელობთ. ასაკით ყველაზე პატარა – 12 წლის გახდით პროექტის ხელმძღვანელი…
თქვენი ინციატივით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ღონისძიება – „გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონიშენი ქალაქი“…
– ცხოვრებაში რამდენჯერმე ნამდვილად გამიმართლა. პირველად ალბათ მაშინ, როცა ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას“ ,,გადავეყარე“… ორგანიზაციას, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე. ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს და არ უშინდება გამოწვევებს.
თავისთავად 12 წლის ასაკში ჩემი აყვანა და პროექტის ხელმძღვანელად დანიშვნა მათი მხრიდან რისკი და გამოწვევა იყო… და ალბათ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის ის, რომ ამ ორგანიზაციის, მართლაც, უპირობოდ საუკეთესო და გამორჩეულ ხელმძღვანელებს იმედები გავუმართლე.
– გვიამბეთ თქვენს ერთობლივ თანამშრომლობაზე „ჯორჯიან მანგანეზთან“, ახალ პროექტებზე…
– ქალაქში, რომელშიც მე ვცხოვრობ, მთავარ მამაძრავებელ ძალას წარმოადგენს კერძო კომპანია – ,,ჯორჯიან მანგანეზი“. კომპანიის მიმართ დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანია. მარტივია გააკრიტიკო რაღაც, თუნდაც ვიღაც და არ საუბრობდე პრობლემის გადაჭრის გზებზე, მარტივი გზა კი არასდროს ყოფილა  ჩემთვის მომხიბვლელი.
სწორედ ამიტომ მივედი საჯარო შეხვედრაზე, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის’’ ინიციატივით იმართებოდა, გავახმაურე ჩემი ინიციატივა, ახალგაზრდული ბანაკის ჭიათურაში განხორციელების შესახებ, რამდენიმე კვირის ვადაში წარვადგინე პროექტი, რომელმაც მოიპოვა დაფინანსება და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ურთიერთთანამშრომლობა.
დღევანდელ დღეს იშვიათია ისეთი ხელმძღვანელები, როგორებიც „ჯორჯიან მანგანეზს” ჰყავს, ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და სასიამოვნოა ის ადამიანური ურთიერთობები, რაც ამ კომპანიასთან მაკავშირებს – ნიკოლოზ ჩიქოვანი ნამდვილად არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს,ზრუნავს და მხარს უჭერს ჭიათურელ ახალგაზრდებს.
განვლილი წლებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭიათურას და ჭიათურაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ნამდვილად ჰყავს გულწრფელი და სანდო გულშემატკივარი ნიკოლოზ ჩიქოვანის სახით. მისადმი მადლიერების გრძნობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება და ნებისმიერი ადგილიდან მხარს დავუჭერ მის ინიციატივებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მისი თითოეული იდეა ორიენტირებული იქნება ადამიანების კეთილდღეობაზე.
ხართ  ჭიათურაში ახალგაზრდულ-შემეცნებითი ბანაკის – „გაიცანი ჭიათურა“ თაოსანიც….
–  ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემ  მიერ განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა პროექტმა – ,,გაიცანი ჭიათურა“. ეს  არის ახალგაზრული შემეცნებითი სახის ბანაკი, რომელმაც 2020 წლის ზაფხულზე გააერთიანა ზესტაფონის, ჭიათურისა და ვარციხის ახალგაზრდა ლიდერები.
აღნიშნული პროგრამა გაგრძელდა 3 ღამისა და 4 დღის განმავლობაში და მოიცავდა:
ლაშქრობას (ჭიათურის სხვადასხვა კულტურული, ისტორიული და რეკრეაციული ადგილების დათვალიერება – ექსკურსია).
ტრენინგებს (მოწვეული ლექტორები, საინტერესო ლექციები, საუბრები ღია სივრცეში);
ინტელექტუალურ თამაშებს (დებატ-კლუბი – რა?სად?როდის?);
სპორტულ აქტივობებს (ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთ, ჩოგბურთი…);
კონცერტს (კარაოკე-შოუ, ეროვნული და უცხური ცეკვების საღმო, ცოცხალი მუსიკა DJ set ნაკადის დახურვის გრანდიოზული ღონისძიება);
პროექტის დასასრულს, ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.
სტუმარ ახალგაზრდებს ადგილობრივ ახალგაზარდებთან ერთად გავაცანოთ მთელი მუნიციპალიტეტის კულტურულ-ტურისტული პოტენციალი.
პროექტის მიმდინარეობისას მაქსიმალური აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზეც (საოჯახო სასტუმროების განვითარება, ახალგაზრდების მომსახურება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა და სხვა).
რამდენიმე თვის შემდეგ, როცა კომპანიის კეთილი ნებით ჭიათურაში მდებარე ერთ-ერთი ისტორიული შენობა ახალგაზრდებს გადაეცათ და იქ ახალგაზრდული ცენტრის გახსნა დაანონსდა, ჩემი პოზიცია ისევ მყარი და მკაფიო გახლდათ – მე აუცილებლად  ვიდგებოდი იქ, სადაც ჭიათურელ ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მიეცემოდათ და დღეს სწორედ ამ ცენტრში ვხელმძღვანელობ ახალგაზრდულ მიმართულებას.
აღნიშნული არაფორმალური განათლების კომპლექსურმა და კომბინირებულმა პროგრამამ საშუალება მოგვცა, რეალიზება მომხდარიყო იმ დიდი ახალგაზრდული ინტელექტუალური პოტენციალის, რომელიც იმერეთის რეგიონს გააჩნია.
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გააქტიურებას, ასევე შრომით ბაზარზე ეფექტიან ინტეგრაციაში დახმარებას. ცენტრი სხვდასხვა სასწავლო პროგრამებზე უკვე აერთიანებს 200-მდე ჭიათურელ ახალგაზრდას.
– თქვენ ხართ კულტურის სამინისტროსთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს ერთადერთი არასრულწლოვანი წევრი. რას ფიქრობთ ამ საბჭოზე და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი საბჭოს საქმიანობაში?
– ,,ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრობა თავისთავად მოიაზრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მით უფრო მაშინ, როცა მე წარმოვადგენ საქართველოს თითოეული მოსწავლის ხმას, ვახმაურებ მათ პრობლემებსა და საჭიროებებს საბჭოს სხდომებზე.
მიმაჩნია, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება მეხმარება თამამად ვისაუბრო ახალგაზრდებისათვის საინტერესო და საჭირო მიმართულებების შესახებ. საბჭოს სხვა არანაკლებ გამოცდილ და მოტივირებულ წევრებთან ერთად მჯერა, რომ შევძლებ ახალგაზრდული სფეროს გაუმჯობესებას საქართველოში.
– ამას წინათ, თქვენ ღიად ისაუბრეთ თქვენი წარმატების საიდუმლოზე… გააცანით ეს საიდუმლო ჩვენს მკითხველებსაც… რას ურჩევდით თქვენს თანატოლებს?
– ჩემი წარმატების საიდუმლო ალბათ შედეგიან შრომაშია. ჩემთვის შედეგიანი შრომა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეს კომპონენტებია – სიჯიუტე, თვითკრიტიკულობა და მუდმივი განვითარებისაკენ სწრაფვა. სიჯიუტე მეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში, თუ რამეს მოვკიდე ხელი და ვთქვი, რომ გავაკეთებ, ღამეებს გავათენებ, ყველა სიძნელეს გადავლახავ და აუცილებლად შევასრულებ საკუთარ თავთან დადებულ პირობას.
თვითკრიტიკულობა მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, არასდროს ვკმაყოფილდები საკუთარი თავით, ყოველთვის ვცდილობ კომფორტის ზონიდან გამოსვლას და მუდამ ვისწრაფვი განვითარებისაკენ.
რაც არ უნდა წამატებულად აღიარონ ჩემი შრომა, კრიტიკულად ვუყურებ, ვცდილობ ვიპოვო ,,შეცდომები“ და მომავალ პროექტებში გავითვალისწინო, არასოდეს ვარ ბოლომდე კმაყოფილი ჩემი მუშაობით.
მსოფლიო ძალიან სრაფად ვითარდება, ამიტომ მუდმივი სწავლა შედეგიანობისთვის და ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მე პირადად, სულ ვკითხულობ და ვსწავლობ, ვსწავლობ სტატიებიდან, კურსებიდან, ვიდეოლექციებიდან, ტრენინგებიდან და ვთვლი, რომ ეს აუცილებელია კარიერის ნებისმიერ საფეხურზე. ზოგადად ,,თვითკმაყოფილება“ რეგრესის პირველი გამომწვევია.
მე მიყვარს, რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მიყვარს – ესაა ჩემი ცხოვრების ერთგვარი დევიზი, ხოლო საინტერესო საქმე – მთავარი მოტივაციაა. ცხადია, არანაკლებ მოტივაციას მაძლევს პროექტის შედეგი და მისი აღიარება. აღიარება ნიშნავს, რომ უქმად არ გიშრომია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შენ სიკეთე მოუტანე, შენი საქმიანობით და შრომით.
– რა არის თქვენი თაობის ნაკლი და დადებითი მხარეები?
– მიჭირს, განვაზოგადო თემა და ვისაუბრო ჩემი თაობის ნაკლოვანებებზე. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და აქვს საკუთარი სურვილები და მისწრაფებები, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მოტივირებული და რესურსიანი ახალგაზრდა, რომლებსაც მცირე ბიძგი სჭირდებათ დიდი საქმეების გასაკეთებლად.
– ჰობი…
– ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ჩემთვის კომფორტის ზონას წარმოადგენს მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების გარემოცვა. ადგილი, სადაც მხოლოდ სასიამოვნო პასუხისმგებლობები გაკისრია, არ გაქვს ზედმეტი ვალდებულებები და ცოტა ხნით მაინც სწყდები საქმიან გარემოს.
– თქვენი სამომავლო გეგმები… სად გააგრძელებთ სწავლას სკოლის დასრულების შემდეგ?
– ყოველთვის ვერიდები სამომავლო გეგმებზე საუბარს, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია – ჩემი ყველა სამომავლო გეგმა უკავშირდება საქართველოს და ჩემს მშობლიურ ქალაქს. არ ვგეგმავ ქვეყნის დიდი ხნით დატოვებას და ჩემი რესურსების სხვა ქვეყანაში გამოყენებას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები