გაგრის იზოლატორში 24 წლის პატიმრის თვითმკვლელობის ფაქტზე, მილიციის თანამშრომლების წინააღმდეგ საქმე აღიძრა

გაგრის იზოლატორში 24 წლის პატიმრის, ანრი ატეიბას თვითმკვლელობის ფაქტზე, გაგრის მილიციის თანმაშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ინფორმაციას დე ფაქტო პროკურატურა ავრცელებს.

მათ ბრალად გულგრილობა ედებათ, რამაც, გაუფრთხილებლობით, გამოიწვია სხეულის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი. მილიციის თანამშრომლებს 3-დან 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ანრი ატეიბა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 14 სექტემბერს გარდაიცვალა, სადაც ის 1-ელი – მე-2 ხარისხის კომატოზურ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

დე ფაქტო პროკურორის, ბადრა აიბას განცხადებით, 5 ივლისს ანრი ატეიბამ ნარკოშემოწმებაზე უარი თქვა და ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც 7 აგვისტოს იქნა დაკავებული. მისივე თქმით, 9 აგვისტოს ახალგაზრდა კაცის შემოწმება ჩატარდა და მის სხეულზე ძალადობის კვალი არ იყო.

მოგვიანებით, დე ფაქტო პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანრი ატეიბა ღამის 00:30 საათზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი, ის გაგრის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი – კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი – რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

“ამავე დღის 16:00 საათზე, რეანიმობილით, ის მეზობელ ქვეყანაში გადაიყვანეს, სადაც 14 სექტემბერს გარდაიცვალა”, – ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში.

მომხდარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.ომბუდსმენი გამოეხმაურა, რომელმაც შესაბამის ე.წ. უწყებებს მოუწოდა, ანრი ატეიბას გარდაცვალების ფაქტი სათანადოდ გამოიძიონ.

დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბასადმი მიწერილ წერილში ე.წ. ომბუდსმენი აღნიშნავდა, რომ „სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის საკმარისი მონაცემები“, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შეფერხება არის მიუღებელი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები