კახა კუჭავა: ჩვენ შეგვიძლია, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ ავარიულ შენობებზე ზედამხედველობას

„ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ბევრგან არის და სასურველია, მოხდეს შესაბამისი და დროული რეაგირება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კახა კუჭავა ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების წევრებს, ასევე, მთელს საზოგადოებას სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

„პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო თითოეულ ოჯახს, თითოეულ ბათუმელს და მთელ საქართველოს. ეს ჩვენთვის დიდი დანაკარგია. რთულია, სიტყვებით გამოვხატოთ ის წუხილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია. მთავრობამ გააკეთა განცხადებები, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ ოჯახებს დაეხმარონ. გუშინ ასევე მოვისმინე, რომ მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება, შესწავლა, მეც მივიღე წერილები და შესაბამისად გადავამისამართე, რათა მოხდეს რეაგირება ყველა ავარიულ შენობაზე.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რომლითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ იმ ნორმებს, რომელიც საჭიროა, რომ ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. ასეთი პრობლემები, სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ბევრგან არის და სასურველია, ჩვენი მხრიდანაც იყოს შესაბამისი და დროული რეაგირება”,- განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები