ზაურ ბუდაგოვი – ვინ არის პირი, რომელიც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა

პირი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია.
როგორც ირკვევა, ის რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და ერთ-ერთ კაზინოში, მენეჯერად მუშაობს. 

ბუდაგოვი პოლიციამ დღეს დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია ორი მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

დაკავებულის ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუდაგოვმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სხვა დეტალებზე უფლებადამცველი არ საუბრობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულმა, რომელიც კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელია, ორი მუშა დაიქირავა. მათივე ცნობით, ბუდაგოვის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ბინისა და სარდაფის გაერთიანების მოთხოვნით, ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვმა 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის მიმართა, თუმცა რეესტრმა საბუთები დოკუმენტაციის არარსებობის გამო, მხოლოდ 8 ოქტომბერს დაახარვეზა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები