ნატო-ს სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი საქართველოში შემაჯამებელი განცხადებებით დასრულდა

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა საქართველოსთან ბრიფინგით დასრულდა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სესიაზე განხილული საკითხები შეაჯამეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ალიანსის უმაღლესმა სამხედრო პირმა განაცხადა, სამხედრო კომიტეტის მეოთხე ვიზიტი არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„გუშინ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრებზე შესაძლებლობა მქონდა, ხაზგასმით აღმენიშნა, რომ ნატო-სა და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ ძლიერდება. ჩვენი პარტნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლოა“, – აღნიშნა ადმირალმა რობ ბაუერმა.

გენერლ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა საქართველოსა და ნატო-ს შორის განსაკუთრებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და აქტიური პარტნიორი.

„ჩვენ ვაგრძელებთ ნატო-სთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებას და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ემსახურება ნატო-სთან თავსებადობისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესების გაძლიერებას. ამ მხრივ, გამორჩეულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც წარმოადგენს ნატო-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს პრაქტიკულ მექანიზმს და მოიცავს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი კრიტიკული სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები