ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთნ, მარეკ კუხჩინსკისთან.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ძირითადი მიმართულებები, საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები და საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარეებმა ახალი ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომელიც როგორც კომიტეტების დონეზე ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების პლატფრომის შექმნას შეეხება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ აღნიშნული ინიციატივები ახლო მომავალში განხორციელდეს.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამლბეაში ლატვიის, რუმინეთის, უკრაინის და თურქეთის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სეიმის საგარეო ურთიერთობათა და ეროვნული თავდაცვის კომიტეტების პრეზიდიუმთან შეხვედრაში, სადაც განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა აღმოსავლეთ და ცენტარლური ევროპის უსაფრთხოება და ევროპის საბჭოს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის როლის გაზრდის მნიშვნელობა, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში.
ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატების ფრაქციის საგარეო პოლიტიკის მდივანს – ნილს შმიდს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდგომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეფორმირების მნიშვნელობას და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს.