ნატო-დან რუსი დიპლომატების გაძევებას კრემლში უპასუხეს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბრიუსელში რუსული მისიის შემცირების გადაწყვეტილება ალიანსთან ურთიერთობის ნორმალიზებას უთხრის ძირს.
“აშკარა წინააღმდეგობაა მიღებულ გადაწყვეტილებასა და ნატო-ს წარმომადგენლების განცხადებებს შორის, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ. ეს ქმედებები, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ილუზიები ურთიერთობების ნორმალიზებისა და ნატო-სთან დიალოგის განახლების შესაძლებლობის შესახებ. ეს პერსპექტივები თითქმის მთლიანად ძირს უთხრის ამ ყველაფერს”, – თქვა მან.
ჩრდილოატლანტიკურმა ალინსმა ბრიუსელში რუსეთის მისიის შემადგენლობა გაანახევრა. გუშინ გახდა ცნობილი, რომ გაძევებულია 8 დიპლომატი, ორს კი უფლებამოსილება შეუმცირეს. ამის მიზეზია “მოსკოვის მიერ მტრული ქმედებები”.
Sky News-ის ინფორმაციით, გაძევებული დიპლომატები ბრიუსელს ოქტომბრის ბოლომდე დატოვებენ.