ლევან იოსელიანი: ღარიბაშვილის განცხადება არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მომხრეების მობილიზაციას ემსახურება
“გადატრიალებაში რას გულისხმობს? ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და, როგორც ვიცი, ამაზე საქმე არ არის აღძრული”, ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” ლიდერი, ლევან იოსელიანი ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს.
იოსელიანის თქმით, ღარიბაშვილის განცხადება არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მომხრეების მობილიზაციას ემსახურება.
“გადატრიალებაში რას გულისხმობს? ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და, როგორც ვიცი, ამაზე საქმე არ არის აღძრული – ღარიბაშვილის განცხადება მეორე ტურში “ქართული ოცნების” მომხრეების მობილიზაციას ემსახურებოდა. ქვეყანაში ღრმა პოლარიზაცია რჩება და პრემიერმინისტრის განცხადებამ დაადასტურა, რომ ურთიერთზიზღის და ურთიერთკრიტიკის ფორმატში უნდა ჩატარდეს მეორე ტური. ღარიბაშვილს უნდოდა, ეჩვენებინა, რამდენად სძულს ოპონენტი, ამ შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობა”, რაც ემსახურება მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზაციას. ეს არის ის სივრცე, სადაც ცხრა წელია ეს ორი პარტია ტრიალებს და საზოგადოება ამ დაპირისპირების კორიანტელში ტრიალებს”, – განაცხადა იოსელიანმა.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით: “ზოგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა”.