უკავშირდება თუ არა ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი ზრდა “გაზპრომის” მანიპულაციებს – ევროკომისიამ გამოძიება დაიწყო

ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის განცხადებით, ევროკომისია სწავლობს საჩივრებს, რომლებიც უკავშირდება იმას, რომ “გაზპრომი” საკუთარ მდგომარეობას – როგორც გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელი – იყენებს ევროპაში ფასის ზრდასთან დაკავშირებით.

კრემლში აცხადებენ, რომ “გაზპრომი” საკუთარ ვალდებულებებს ხანგრძვლივი ხელშეკრულების შესაბამისად ასრულებს, თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლების მხრიდან გაისმა ბრალდება, რომ აღნიშნული ევროპაში ფასის ზრდას იწვევს.

“განვიხილავთ ამ განცხადებებს კონკურენციის წესების ნიშნებზე, რადგან ეს, რასაკვირველია, სერიოზული საკითხია”, – თქვა სიმსონმა.

უნგრეთის პრორუსმა პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სლოვენიაში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე თქვა, რომ ევროკავშირის სივრცეში გაზის ფასის ზრდის მიზეზია ევროკომისიის შეცდომა. მისი თქმით, საჭიროა გარკვეული წესების შეცვლა.

“ევროკავშირმა უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა, ნაწილობრივ მაინც. ფასის ზრდის მიზეზია ევროკომისიის შეცდომა”, – თქვა ორბანმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რომელ შეცდომებს გულისხმობდა.

გამოცემა Handelsblatt წერს, რომ “ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები, პირველ ყოვლისა, კრემლისთვის არის ხელსაყრელი. მომავალში ენერგეტიკული სისტემების შექმნის დროს ევროპამ ეს გაკვეთილი უნდა გაითვალისწინოს და სხვა პარტნიორები ეძებოს”.

როგორც გამოცემა წერს,  კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ OPEC-ი და ნავთობმომპოვებელი ქვეყნები დიდ პრობლემებს განიცდიდნენ – ნავთობის ფასი დაეცა მიწოდების ჯაჭვების დარღვევის, გაჩერებული ქარხნებისა და “დისტანციურად” მომუშავე თანამშრომლების გამო. მაგრამ შემდეგ “ოპეკი” გაერთიანდა რუსეთთან, ყაზახეთსა და  ნავთმომპოვებელ სხვა ქვეყნებთან და შეიქმნა OPEC + ჯგუფი,  ამ ხნის შემდეგ ისინი ერთად ზრდიან ფასებს.

“OPEC + არის ორი მოსისხლე მტრის ისტორიული ალიანსი: რუსეთისა და საუდის არაბეთის. კრემლი ეხმარება მსოფლიოში ნავთობის უმსხვილეს მწარმოებელს მოპოვებისა და ფასის დაბალანსებაში. ეს ხელს უშლის მსხვილ მწარმოებლებს, გაზარდონ წარმოება, რაც გამოიწვევს ახალ რბოლას გაყიდვების ბაზრებსა და ფასების უკონტროლობას ”, – წერს Handelsblatt-ი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები