საქართველო ნატო-ს სამხედრო კომიტეტს მეოთხედ უმასპინძლებს
7-8 ოქტომბერს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის, ადმირალ ბაუერის მეთაურობით.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე, თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრსა და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.