„ვერც ოპოზიცია და ვერც დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ ვეღარ დააძალებს, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს” – ზაალ ანჯაფარიძე არჩევნების შედეგებს აფასებს

“ვერც ოპოზიცია და ვერც დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ ვეღარ დააძალებს, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანაჯაფარიძემ 2 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში 43 %-იანი ბარიერი დაძლია, რომელიც მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებამ დაუწესა. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

„მოგეხსნებათ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. ეს არჩევნები არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, როგორიც ვთქვათ 2017 წელს, ან იმის წინ. მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ერთმა ნაწილმა ეს არჩევნები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ერთგვარ რეფერენდუმად გამოაცხადა, რამაც, პრაქტიკულად, ჩვენი ამომრჩევლის ერთი ნაწილისათვის არჩევნების კონტექსტი შეცვალა. ეს ეხება ამომრჩევლის იმ ნაწილს, რომელიც, ტრადიციულად, ოპოზიციურადაა განწყობილი. ამან არჩევნების შედეგებს გარკვეული გავლენა და დაღი დაასვა.

ამას თან დაერთო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პერიპეტიები, რამაც არჩევნების შედეგებზე გარკვეული კორექტივები და ზეგვალენა მოახდინა იმ კუთხით, რომ, ერთი მხრივ, „ნაცმოძრობის“ ამომრჩეველთა უფრო მეტ მობილიზაციას შეუწყო ხელი. როგორც საკმაოდ სანდო წყაროებიდან ვიცი, სწორედ ამის მეშვეობით მათ რამდენიმე პროცენტი დაიმატეს იმასთან შედარებით, რაც ტრადიციულად გამოკითხვებში ჰქონდათ ხოლმე.

ამის პრალელურად, ამან ასევე ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზაციასაც. მათ, როგორც ჩანს, იგრძნეს გარკვეული საფრთხე იმისა, რომ შესაძლებელი იყო, არჩევნების შედეგად „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად პირობები შეჰქმნოდა.
ორპოლუსიანობის სისტემა, რაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, თან სდევს, უფრო მეტად გამოიკვეთა. შუაში მდგომი პარტიები ამ პროცესში რაღაცნაირად გაიჭყლიტნენ და დაზიანდნენ.

ჩვენ ასევე ვნახეთ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული და გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია. მე ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი მინდა, აშშ-ის საელჩოს განცხადებას გავუსვა, რომელიც მან ამ დილით გაავრცელა.
მთლიანობაში, ეს არჩევნები შეიძლება, შევაფასოთ, როგორც შემდგარი. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს ეუთო/ოდირ-ი.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს: „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, პროპორციულ არჩევნებში 43 %-იანი, ასე ვთქვათ, საკრალური ბარიერი დაეძლია, რომელიც მას შარლ მიშელის შეთანხმებამ დაუწესა. შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი ფორმალურად დღის წესრიგიდან მოისხნა. ანუ ვერც ოპოზიცია და ვერც დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ ვეღარ დააძალებს, რომ მან ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებზე გავლენა „გახარიას ფაქტორმაც“ მოახდინა.

„ვნახეთ, რომ გიორგი გახარიას პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ ახლადშექმნილია, არცთუ ურიგო ელექტორალური შედეგი აჩვენა. მისმა ჩართულობამ ზეგავლენა თბილისის მერის არჩევნების შედეგებზეც იქონია.
როგორ ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მსხვილ ქალაქებში რაღაცნაირად პოზიციები შესუსტებული აქვს. ვნახეთ, რომ თვითმმართველ ქალაქებში მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. ვფიქრობ, აქაც გარკვეული გავლენა   „გახარიას ფაქტორმა“ იქონია. ის პროცენტები, რაც გახარიას პარტიამ წაიღო, სავსებით ეყოფოდა „ქართულ ოცნებას“ იმისათვის, რომ წარმატებისთვის პირველივე ტურში მიეღწია.

საინტერესო პროცესი გველის წინ, პოლიტიკური ბატალიები ამით არ დასრულდება. ოპოზიცია მის ტრადიციულ ბრძოლას გააგრძელებს. სამწუხაროდ, მომავალი თვეების განმავლობაში, ალბათ, მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება არ გველის.

რაც შეეხება პროგნოზებს მეორე ტურთან დაკავშირებით: ვფიქრობ, თბილისში გამარჯვებას კალაძე მოახერხებს, ზუგდიდში არ ვარ დარწმუნებული, რადგან ოპოზიციის და სახელისუფლებლო კანდიდატების შედეგებში დიდი განსხვავებაა. სხვა ქალაქებში, ვფიქრობ, გამარჯვებას უმეტესად „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.

მე პირადად მიმაჩნია,  ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით სულაც არაა ცუდი, რომ რომელიმე თვითმმართველ ქალაქში ოპოზიციური მერი ან საკრებული იქნება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ბიუჯეტს უფრო მეტად გააკონტროლებს“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა.
საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 46,68 %-მა დაუჭირა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 30, 7 % – მა.

წინასწარი შედეგებით, საქართველოს ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნები პირველივე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა მოიგო. გამარჯვებული არ გამოვლენილა არც 15 თვითმმართველ თემში და არაერთ მაჟორიტარულ ოლქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ მეორე ტურებია.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.
წინასწარი მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 14 თვითმმართველ თემში ამომრჩეველს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.
გამონაკლისია თიანეთი, სადაც მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატი დაუპირისპირდება.
წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური მოსალოდნელია:
• თბილისი
კახა კალაძე – „ქართული ოცნება“
ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“
• ბათუმი
არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“
გიორგი კირთაძე – „ნაციონალური მოძრაობა“
•ქუთაისი
იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“
ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“
•რუსთავი
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“
დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“
• ფოთი
ბექა ვაჭარაძე – „ქართული ოცნება“
გიგი უგულავა – „ნაციონალური მოძრაობა“.
მეორე ტური ასევე მოსალოდნელია 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები