“ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
ზურაბიშვილის განცხადებაში საუბარია შენიშვნებზეც.
“ეს არჩევნები არის მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ მშვიდ, საქმეზე ორიენტირებულ გარემოში გაგრძელდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება და მართვა. ამის მიუხედავად, მე მაინც მექნება სამი ძირითადი შენიშვნა:
ერთი ის, რომ სამწუხაროა, ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღნიშნეს – მთავარი თემა ამ ადგილობრივი არჩევნების არ ყოფილა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები, მე ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურისთვის ეს საკითხი ბევრად უფრო წინ წამოწეული იქნება, რამეთუ ამომრჩევლები თავიანთ ადგილობრივ მომავალს წყვეტენ ამ კუთხით.
ასევე, აღვნიშნე, რომ მრავალპარტიულობა დადგინდა, დადასტურდა. საკრებულოებში პატარა პარტიები იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ პატარა პარტიებს მისცემოდათ მეტი შანსი, მეტი რესურსი, მეტი საშუალება, რამეთუ დეპოლარიზაციის დამარცხება სამომავლოდ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა პარტიებით, მესამე ძალებითაა შესაძლებელი.
და მესამე, როგორც ამ ქვეყნის ქალი პრეზიდენტი ვისურვებდი, რომ ქალებსაც მისცემოდათ მეტი ადგილი ამ არჩევნებში, მითუმეტეს ადგილობრივ არჩევნებში, რამეთუ ვიცით თუ რამდენად არიან ქალები ჩართულები ადგილობრივ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათი ინიციატივები. სამწუხაროა, რომ არც სიებში, არც მერობის კანდიდატებში უფრო მეტად წარდგენილები არ იყვნენ ქალები და ვისურვებდი, რომ შემდეგ არჩევნებში ეს იყოს გამოსწორებული და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი, ყველა მოქალაქის სურვილია. მინდა, იმ ქალებს, რომლებმაც გარკვეული გამარჯვება თუ არა წარმატება მოიპოვეს, მათ ყველას მივულოცო და ვუსურვო, რომ გააგრძელონ ეს გზა”,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.