დავით ქართველიშვილი: პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი ბევრად აღემატება ე.წ. “სარეფერენდუმო” ნიშნულს
ექსპერტი დავით ქართველიშვილი არჩევნებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საარჩევნო პროცესი აშშ-ს და ევროკავშირის ელჩების შეფასებით – ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
მისი თქმით, “ქართული ოცნება”, მეათე წელია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია.
,,მაშ ასე, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შეფასება და მხოლოდ ძირითადი შედეგები. დადებითი მხარეები: ✓ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ამას ადასტურებენ სადამკვირვებლო მისიით ჩამოსული 52-ვე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ✓ მათივე და აშშ-ს, ევროკავშირის ელჩების შეფასებით – ჩატარებული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში ✓ ოპოზიციის შარშანდელი ფარსი “ჩაილურის წყალში” ჩაიძირა ✓ “ქართული ოცნება”, როგორც მოქმედ ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია – მეათე წელიწადია მოსახლეობის უმრავლესობის ნდობას ინარჩუნებს, რაც საქართველოს ისტორიაში – უპრეცედენტო და რეკორდული ფაქტია ✓ პროპორციული გზით მოპოვებული მაჩვენებელი – ბევრად აღემატება ე.წ. “სარეფერენდუმო” ნიშნულს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ და “რიგგარეშე” არჩევნების თემას საერთოდ და სამუდამოდ, ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგიდან ხსნის ✓ საქართველოში შემდგომი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს – ეს ნიშნავს სტაბილურობის ტაიმ-აუტს, ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, მის საგარეო მიმართულებით წინსვლას და დეოკუპაციისაკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ✓ მიუხედავად შიდაპარტიული ღალატის ფაქტორისა, “ქართული ოცნების” მიერ დაფიქსირებულმა გამარჯვების მაღალმა მაჩვენებელმა ცხადყო – რომ მისი პარტიული ნალექი, მართალია, გადაინაცვლა სხვა პოლიტიკურ “ყულაბაში”, მაგრამ ოცნებას მისი პარტიული ნაღები დაუბრუნდა ✓ ოცნების მხარდამჭერთა რიგებში მისი პარტიული ნაღების დაბრუნება – ცალსახად პარტიის შინაარსობრივი რებრენდინგისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორებით არის განპირობებული და ეს ფაქტორები – შემდგომი პერსპექტივების თვალსაზრისით, აშკარად დინამიურ მდგომარეობაშია მოყვანილი ✓ ამომრჩეველთა დასწრების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია და წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჯდება ✓ ამ არჩევნების წყალობით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შედგა ორი ადამიანის ესოდენ ნანატრი გაცნობა რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რომელთა ჩამოთვლა ასევე მნიშვნელოვანია და საჭირო – მე ამ “სიამოვნებას” შემოვინახავ არჩევნების საბოლოო დასრულებამდე, მათ შორის ზოგ ადგილას ჩასატარებელი მოსალოდნელი მეორე ტურების გათვალისწინებით. ხოლო ამ ეტაპზე – გილოცავთ!!! ეს არჩევნები უკვე შესულია საქართველოს ისტორიაში, როგორც სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება. თუმცა, მხოლოდ კიდევ ერთი მოგებული ბრძოლის სახით – ომი ჯერ არ დამთავრებულა!’’, – წერს facebook – ზე დავით ქართველიშვილი.