ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 3 წლისაა
დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს 3 წელი უსრულდება.
როგორც მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუზეუმის კარი დამთვალიერებლისთვის პირველად 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიღო.
„სამ სართულზე, ასევე ფონდში, წარმოდგენილია ბოლო 70 წლის განმავლობაში შექმნილი100-მდე ქართველი მხატვრის 3500 ნამუშევარი.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო პოლიტიკის და საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სამუზეუმო კოლექციის პოპულარიზაცია თანამედროვე კონტექსტში. ეს პროცესი გულისხმობს მუდმივ დიალოგს 1940-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე არსებულ სახელოვნებო სივრცესთან, ამ პერიოდის ავტორების კლასიკურ და ექსპერიმენტულ ინტერპრეტაციას. მეხსიერების უწყვეტი ძაფი წარმოაჩენს საბჭოთა ხელოვნების შეპირისპირებას ჩვენს თანამედროვეობასთან. მუზეუმში დაცული მრავალფეროვანი კოლექცია დღევანდელი ქართული არტსცენის ერთგვარი წინაპირობაა.
3 წლის განმავლობაში მუზეუმს ესტუმრა 40 000-ზე მეტი დამთვალიერებელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დროებით საგამოფენო დარბაზში მოეწყო შემდეგი ექსპოზიციები:
„ფრაგმენტები მუზეუმის ფონდიდან”;
ანა შალიკაშვილი 100 – სოლო გამოფენა;
„ის, რასაც ვხედავ” – შალვა მატუაშვილის სოლო გამოფენა;
ლეილა შელიას სოლო გამოფენა;
„ოპტიკური ინტერაქცია” – გოგი მიქელაძის სოლო გამოფენა;
ქალთა პორტრეტები და ელისო ბოლქვაძის კონცერტი („მუსიკა მუზეუმში”);
გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსანი” – დავით მაჭავარიანის და სულაკაურის გამომცემლობის პროექტი;
„აფხაზეთი” – ქეთი დავლიანიძე;
კლასობანა – თანამედროვე არტისტების და მუზეუმის ავტორების ჯგუფური გამოფენა;
ლევან ცუცქირიძის სოლო გამოფენა;
„სხვა ესმა” – ესმა ონიანის სოლო გამოფენა;
„იზოლაციის კედელი” – გია გუგუშვილის და ქეთი მატაბელის კოლაბორაცია;
„რარიტეტები: ვინ ვინ არის?” – მხატვრების ცნობილი ხელწერის და ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები მუზეუმის კოლექციიდან;
„30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები” – ფერწერა და რეპორტაჟული ფოტოები „საქინფორმის” არქივიდან;
„ნახატის სიჩუმე” – თემო ჯაფარიძის გამოფენა მუზეუმის ფონდის კოლექციიდან.