„შენ მწყურვალისთვისაც მიგიწვდია წყალი და არც მევალე გყავს ვინმე“ – ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღე

დღეს, 30 სექტემბერს, ჯანსუღ ჩარკვიანს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით პოეტი მზია ხეთაგური ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს ნაწყვეტს საკუთარი წიგნიდან  – ,,უფლების უფლება”.

პირველი კაცი!
(სიტყვა ჯანსუღ ჩარკვიანზე)
მე მჯერა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველას სძულს – მათ შორის, მეც! მაგრამ არ მჯერა იმ ადამიანებისა, რომლებიც ყველას უყვარს! საძულველი ობიექტი მხოლოდ სატანაა, და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, იგი სხვა სატანასაც სძულს! რაც შეეხება ერთი და იგივე ადამიანისადმი „საყოველთაო სიყვარულს“, ის ადამიანი ან დახვეწილი პირფერობის ეტალონია, ან ანგელოზი! მაგრამ ანგელოზები მხოლოდ ზეცაში არიან! მე უფრო მჯერა იმ ადამიანებისა, რომლებიც ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ძალიან უყვარს, გარკვეულ ნაწილს დიდად არ მოსწონს, ხოლო უმცირეს ნაწილს სძულს კიდეც… ასეთების მიმართ „ძალიან სიყვარული“ უსათუოდ გულწრფელია. არმოწონება კი არმომწონებლის გემოვნება-უგემოვნებობაზე მიგვითითებს, ხოლო იგივე კაცის მიმართ ორი-სამი კაცის სიძულვილი – შურიანობისა და სიბრიყვის ნიშანია. ასე და ამრიგად, ხშირად, სწორედ ამ მესამე კატეგორიის კაცია პირველი კაციც, სანდოც, ღირსეულიც და საინტერესოც!
ჩემი ძვირფასი ჯანსუღი სწორედ ის მესამე ანუ პირველი კაცია, რომელიც ბუნებით მომადლებული შემოქმედებითი ნიჭის გარდა, სხვა ნიჭსაც ფლობდა- გამჭრიახობითა და ქრონიკული იუმორით ახერხებდა საბჭოურ ნომენკლატორთა წრეში „თავისი გაეტანა“ ანუ ცენზორებთან „მეგობრობით“, მათთან სიახლოვის საშუალებით ებრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მისი ეროვნული საგანძურის შორს გატანისთვის. ეს არც ისე იოლი იყო მაშინ, როდესაც ცენზურა იძულებულს გხდიდა, უამრავ დათმობაზე წასულიყავი შენი იდეალების საწინააღმდეგოდ!
ეს უკომპრომისობა ძვირად დაუჯდა დიდებულ პოეტს, ორჯერ რეპრესირებულსა და გადასახლებულ მარი აბრამიშვილს! მაგრამ ვიღაცას სხვა გზითაც უნდა ემოქმედა იგივე მიზნებისთვის!
„,…მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი,
მევალისათვის მიმატანინე ვალი…
მათქმევინე, ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ, წამოვალ, სადაც გინდა!“
ჩემო ჯანსუღ! შენ მწყურვალისთვისაც მიგიწვდია წყალი და არც მევალე გყავს ვინმე! პირიქით, – შენი მოვალენი ვართ ყველანი! ქვეყნად შენი სიცოცხლე ნამდვილად ღირდა და ვისაც ეს არ ესმის, ან დავალებული აქვს, რომ „ვერ გაიგოს“, – ისინი დროსთან ერთად გაქრებიან … შენ კი დარჩები ქართველთა და არა მარტო ქართველთა ცნობიერებაში, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საბჭოურ წლებში აკეთო ეროვნული საქმე და ამით შეებრძოლო დრომოსაჭმელ სისტემას! დიახ, ჩემო უფროსო ძმაო! – „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!“
დრო არ დაგკრძალავს..

ჯანსუღ ჩარკვიანის ხსოვნას

სამშობლოს ჰყავდა მტერი მცინარი, სამშობლოს ჰყავდა გმირი არსენაც!
გვქონდა სოხუმი, გვქონდა ცხინვალიც, ამ მწუხარებამ რომ შემახსენა!
იყო ღალატიც და ერთგულებაც, და სისხლიანი წყალდიდობებიც,
მაგრამ გულს როგორ ესალბუნება სიტყვით მობანა ამ ჭრილობების!
შენს სიტყვას ჰქონდა ფასი და ძალა, შენს გზას ამაყი სევდით მივყვები,
მაგრამ დაკრძალულს დრო არ დაგკრძალავს,- ვერ მიხვდებიან ამას, ბრიყვები!
ლექსს ამღერებდი, როგორც ,,ჩაკრულოს“, რამდენჯერ ბეწვის ხიდით გივლია …
მართალი სულით გულში ჩაგიკრავს მართალი კაცი – დიდი ილია!

8.XI. 2017

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები