შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოში ნატო-ს 5 ხომალდს მასპინძლობს

საქართველოში ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ. ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი, ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს.

ბათუმის პორტში ნატოს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი – რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში – მარიუშ მაშკიევიჩი და ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი – პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დახვდნენ. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი ნათლად ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი.

საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სთან აძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატო-ს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას. ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.

ნატო-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატო-ს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები