სვანეთის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, 3-7 ოქტომბერს, გაიმართება
3-7 ოქტომბერს, მესტიაში, სვანეთის პირველი საერთაშორისო ფილმების ფესტივალი გაიმართება, ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალის დამფუძნებლები არიან – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი.
სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს სამოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. კინოფესტივალი გაიხსნება 3 ოქტომბერს, ხოლო 7 ოქტომბერს იქნება დახურვის ცერემონია სასტუმრო “გისტოლაში”. ფესტივალის პირველ წელს წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი, სადაც ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს.
საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი კონკურსის ჟიურის წევრები არიან : ჟიურის თავჯდომარეა ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალების სელექტორი – პაოლო ბერტოლინი, რეჟისორები – ლევან კოღუაშვილი და ანა ურუშაძე.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცემა „ქალღმერთი დალის პრიზი“. ასევე, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ოპერატორისა და საუკეთესო რეჟისორის ფილმებსაც.
ფესტივალის ფარგლებში მოხდება 11 სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმის პროექტის პრეზენტაცია და გაიმართება ტრენინგები, რომელთაც პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა ჩააატარებს.
გამარჯვებულ პროექტებს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, გადაეცემათ ფულადი ჯილდოები:
პირველი ადგილი – 5000 ლარი;
მეორე ადგილი 4000 ლარი;
მესამე ადგილი 4000 ლარი.
ჟიურის წევრები არიან: რეჟისორები რუსუდან ჭყონია და გიორგი ოვაშვილი.
ფესტივალს გახსნის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი’’, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი და პროდიუსერი რატი ონელი წარადგენენ. ფესტივალზე ასევე მოეწყობა შემდეგი ქართული ფილმების სპეციალური ჩვენებები: „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე, „ჯიმ შვანთე“ – რეჟისორი მიხეილ კალატაზიშვილი, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „ფული“ – რეჟისორი გელა ბაბლუანი, „პატარძლები“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და „მეზობლები“ – რეჟისორი გიგი აბაშიძე.
კინოფესტივალზე მასტერკლასებს ჩაატარებენ: პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, პროდიუსერი ქეთი დანელია და მონტაჟის რეჟისორი ლევან კუხაშვილი. ონლაინრეჟიმში გაიმართება პაოლო ბერტოლინისა და ქრისტოფერ ლეპარცის მასტერკლასებიც.