დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბდულა შაჰიდს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა აბდულა შაჰიდს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა.
„შეხვედრაზე განხილული იქნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის დღის წესრიგი. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს გააცნო საქართველოს პრიორიტეტები გენერალური ასამბლეის 76-ე სესიასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატში აქტიური თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
საქართველოს პრემიერმინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.