მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ შეკრებილ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ნებისმიერი სახის დაპირისპირება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამს წყალს.
„ვუერთდები ირაკლი კობახიძის მოწოდებას, რომ დაიშალონ და ამას მხოლოდ საჯაროდ არ ვაკეთებ, პირადად ვისთანაც კი შეგვეძლო, მოვუწოდეთ, რომ დაიშალონ. იმედია, რომ ასეც გააკეთებენ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ და კრიმინალი მელიას წისქვილზე დაასხამს ახლა წყალს მასთან რაიმე დაპირისპირება. მეკამათებოდნენ კიდეც, რომ მხოლოდ სიტყვიერად ეტყვიან იმას, რასაც ფიქრობენ, მაგრამ ამას მოჰყვება ისევ მძიმე პროვოკაცია პროვოკატორის მხრიდან. ამიტომ, იმედი მაქვს, ჩვენს ამ მოწოდებას გაიზიარებენ ადამიანები, რომლებსაც ასეთი მძაფრი რეაქცია აქვთ მათ პროვოკაციებზე, რომ სასწრაფოდ დაიშალონ. ამით არ მივცემთ პროვოკატორებს საშუალებას, რომ რაღაც არეულობისა და ქაოსის ფონი შექმნან“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელია და ოპოზიციის წარმომადგენლები ელჩებთან შეხვედრას მართავენ, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.