ესტონეთის პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიოს მოუწოდა, არ დაივიწყონ ყირიმი და რუსული აგრესია დონბასში

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალულაიდმა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, არ დაივიწყონ რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, ასევე, კრემლის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული აგრესია.

კალულაიდის გამოსვლის სრული ტექსტი ესტონეთის პრეზიდენტის საიტზე განთავსებული.

“ჩვენ არ შეგვიძლია, დავივიწყოთ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება. უკრაინას აქვს ჩვენი ძლიერი და ურყევი მხარდაჭერა მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსიის არაღიარების პოლიტიკის მიმართ. უსაფრთხოება განუყოფელია – უკრაინის უსაფრთხოებაც ჩვენია. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს არჩეული წევრი, ჩვენ ვაგრძელებთ დონბასში რუსეთის აგრესიისა და ყირიმის არალეგალური ანექსიის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას გაერო-ს უშიშროების საბჭოზე”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

კერსტი კალულაიდმა ასევე ბელორუსის რეჟიმი გაიხსენა, რომელიც, მისი თქმით, “იყენებს ახალ ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს დემოკრატიულ საზოგადოებებზე შეტევისთვის, კერძოდ, მიგრაციულ ზეწოლას”.

”ისინი, ვინც ყველაზე მეტად იტანჯებიან, კვლავ რჩებიან ყველაზე დაუცველნი ჩვენს საზოგადოებაში – ქალები, ბავშვები და მოზარდები. ამიტომ, უნდა ვისაუბროთ ბელორუსის რეპრესიებზე, ერთობლივად დავუპირისპირდეთ ალექსანდრე ლუკაშენკოს აგრესიულ და დესტაბილიზაციურ რეჟიმს და მტკიცედ დავიცვათ რწმენა, რომ ბელორუსი ხალხის ნება უნდა იყოს ის, რაც განსაზღვრავს ბელორუსის რესპუბლიკის მომავალს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები