დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიერა ლეონეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, დევიდ ჯონ ფრანცისს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, კოლეგებმა ვრცლად ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი სხვადასხვა სფეროში გაღრმავების პერსპექტივებზე.

„გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ამ კუთხით, აღინიშნა აქტივობების კოორდინაციისა და ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტული ინიციატივების ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სექტორში გამოცდილების გაზიარებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გზების გაძლიერებას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

საქართველოს პრემიერმინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები