რუსეთის დუმის არჩევნებთან დაკავშირებით, სოხუმი თბილისს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. რესპუბლიკაში ჩატარებული, რუსეთის სათათბიროს არჩევნებთან დაკავშირებით თბილისის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული, რუსეთის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები დაგმო. თბილისში აცხადებენ, რომ ასეთი არჩევნების ჩატარება მოსკოვის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯია, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

ე.წ. საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ თბილისის შესაბამისი განცხადება არის “ღია ჩარევა აფხაზეთის სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.

“რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში მონაწილეობა არის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კანონიერი უფლება, რომლებსაც აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ან არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის რესპუბლიკაში. ამ კატეგორიის ადამიანების მიერ თავიანთი საარჩევნო უფლების რეალიზება არ არღვევს ფუნდამენტურ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს და არ ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. უწყება ხაზს უსვამს, რომ “აფხაზეთი და რუსეთი ავითარებენ სამოკავშირეო ურთიერთობებს მყარ სამართლებრივ საფუძველზე, სრულად იცავენ თავიანთ საერთაშორისო ვალდებულებებს, ეს ურთიერთობები არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და არ აკნინებს საქართველოს ინტერესებს”.

“დროა, საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს სპეკულირება “ტერიტორიული მთლიანობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები