აშშ-ში ევროკავშირს მოუწოდებენ, დააჩქაროს გაფართოების პროცესი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამხრეთ ცენტრალური ევროპის საკითხებში, გაბრიელ ესკობარი, რომელიც თანამდებობაზე ცოტა ხნის დაინიშნა, მოუწოდებს ევროკავშირს, დააჩქაროს გაფართოების პროცესი დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით.

ამის შესახებ EUobserver წერს.

”20 წლით უკან დაბრუნება და იმის დანახვა, რომ ამ მიმართულებით დიდი პროგრესი არ არის, ცოტა იმედგაცრუებას იწვევს. ვისურვებდით გაცილებით სწრაფ ინტეგრაციას”, – განუცხადა მან RFE/RL-ს.

ესკობარმა აღნიშნა, რომ როგორც ევროკავშირი, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, სერბეთი, კოსოვო, ჩერნოგორია და ბოსნია და ჰერცოგოვინა განიცდიან გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც საჭიროა, რათა ინტეგრაცია რეალობად იქცეს.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ჩართულობა “დაეხმარება ორივე მხარეს, დაუბრუნდნენ საჭირო გზას”.

წლის დასაწყისში, ბულგარეთმა დაბლოკა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყება ენობრივი დავისა და ისტორიული პრეტენზიების გამო.

ევროკავშირის წესები მოითხოვს 27- ვე წევრის კონსენსუსს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, გაფართოების საკითხზე.

ვინაიდან ალბანეთის ევროკავშირის წევრობის განაცხადი განიხილება ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, ვეტო შეეხო ტირანასაც.

ესკობარმა აღნიშნა, რომ ბულგარეთმა არ უნდა ისარგებლოს ორმხრივი დავით, რაც აფერხებს ევროკავშირში გაწევრიანების ჩრდილოეთ მაკედონიის მისწრაფებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები