“კენჭისყრამ ხალხის ნება გამოავლინა” – ჩინეთი რუსეთის არჩევნებს აღიარებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებმა ხალხის ნება გამოავლინა, ჩინეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს რუსეთს განვითარების არჩევანში.
“რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნები წარმატებული იყო. სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენაა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არჩევნების შედეგები ასახავს რუსი ხალხის ნებას”, – თქვა დიპლომატმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, “ჩინეთი უცვლელად მტკიცედ დაუჭერს მხარს რუს ხალხს მათი განვითარების გზის დამოუკიდებელ არჩევანში”.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის პოზიცია გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნეს, რომ არჩევნები, ჯამურად, დაშინების გარემოში ჩატარდა, ასევე, დაფიქსირდა უამრვი დარღვევა, ხოლო რაც შეეხება ანექსირებული ყირიმის შედეგებს, ბრიუსელი მათ არასდროს აღიარებს.
რუსეთის დუმის არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. ოქმების 98.02% დამუშავების შედეგად, 5-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ხუთმა პარტიამ გადალახა. ყველაზე მეტი ხმა კი მმართველმა “ედინაია როსიამ” მოიპოვა.